ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზვიად რატიანმა დაზიანებები დაკავების დროს, წინააღმდეგობის გაწევისას მიიღო – შსს-ს თანამშრომლები

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

პოეტ ზვიად რატიანის სასამართლო პროცესზე შსს-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მისი დაკავების დრო გაიხსენა და განაცხადა, რომ  პოეტი  ქუჩაში იგინებოდა, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ მასთან მისულიყვნენ და დაეკავებინათ:

”23 დეკემბერს, 3 ინსპექტორ- გამომძიებელი ირაკლი თოდუა, ლაშა ჭანტურია და შალვა ბასურაშვილი, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში იყვნენ გასული მათ სამოქმედო ტერიტორიაზე. თამარაშვილის ქუჩაზე შემოესმათ გინების ხმა. მივიდნენ ბატონ ზვიადთან და სთხოვეს შეეწყვიტა გინება და წარმოედგინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომ მისი იდენტიფიცირება მომხდარიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბატონი ზვიადი აღელდა და ლაშა ჭანტურიას მუშტი მოარტყა. აღნიშნულის შემდეგ, როცა ბატონი ზვიადი აღელდა, დაიწყო გინება და ფიზიკური ანგარიშსწორება, სამივე პირი შეეცადა მის დაკავებას. იძულებული იყვნენ თანამშრომლები, რომ მიწაზე დაეწვინათ და ხელბორკილი დაედოთ. ამის შემდეგ ზვიადი ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას. ეს დაზიანებები ამ დროს დაემართა. დახმარებისთვის სხვა ჯგუფს მიმართეს, რომლებიც გამოცხადდნენ ადგილზე და გადაიყვანეს იზოლატორში”-აღნიშნა შსს-ს თანამშრომელმა.

სხვა თანამშრომლების თქმით, თავიდან  ზვიად რატიანი ტელეფონით ვერ გადაიღეს, რადგან ის სამმა პატრულის თანამშრომელმა ვერ დაიმორჩილა:

”თავიდან აღნიშნული ტელეფონით ვერ ჩავწერეთ,  რადგან ბატონი ზვიადი ვერ დაიმორჩილა სამმა პირმა და როცა ხელბორკილი დაადეს, მაშინ გადაიღეს ვიდეო.

განყოფილებაში ვრცელი ვიდეომასალაა წარმოდგენილი,  ბატონი ზვიადი მთლიანად ყველას აგრესიულად ექცევა” – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გზაში კიდევ სცემეს.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....