ახალი ამბები მთავარი სამართალი

რატიანის ადვოკატი პოლიციის მიერ ტელეფონით გადაღებული კადრების დაუშვებლად ცნობას ითხოვს

“მეტრონომი”: სასამართლოდან

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოეტ ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე ამ წუთებში პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა, რომელიც მოიცავს ვიდეო-ჩანაწერების ჩვენებას, ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალებს, მოქალაქის დაკითხვას, რომელიც ზვიად რატიანის დაკავებას დაესწრო.

პროცესზე პოეტი ზვიად რატიანი და მისი ადვოკატი ვიდეო-კადრებს გაეცნენ, რომელიც დამსწრეებმა, მათ შორის მედიის წარმომადგენლებმა ვერ ნახეს, რადგან ის კომპიუტერის საშუალებით აჩვენეს დაცვის მხარეს. ადვოკატმა ანი ნასრაშვილმა მოითხოვა, რომ წარდგენილი მტკიცებულება ანუ ვიდეო-კადრები, დაუშვებლად იქნას ცნობილი, რადგან როგორც ბრალდების მხარემ განმარტა, კადრები არ არის სრული და არ ასახავს სრულად დაკავების პროცესს. ასევე, მათი თქმით კადრები მობილურითაა გადაღებული.

ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ სხდომაზე წარმოდგენილი იყოს მთლიანი ვიდეო-ჩანაწერი, პოლიციის მიერ სამხრე კამერებით გადაღებული. რადგან პოლიციელებმა განმარტეს, რომ ზვიად რატიანი გააჩერეს საპილიციო კონტროლის დროს.

პროცესზე იმყოფებიან ზვიად რატიანის ახლობლები, მწერლები, პოეტები, ასევე აქ არიან დავით ზურაბიშვილი და ლევამ ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გზაში კიდევ სცემეს.

ავტორი: ნინო ცხადაია

 

იტვირთბა....