პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია. ის ამ დროისთვის მართვის სუნთქვაზე იმყოფება. როგორც მაჩალიკაშვილის ახლობლები აცხადებენ, მედიკოსები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ.
მათი თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ტრანსპორტირება არ შეიძლება, შესაბამისად, მისი თბილისში გადმოყვანა ვერ ხერხდება. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. თბილისიდან თელავში ჩასული ნეიროქირურგები ოპერაციას 3 საათზე მეტ ხანს ატარებდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელმა თავში ესროლა, სუს-ის ინფორმაციით, ის სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა და მას ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სურდა, რა დროსაც, მისი მიმართულებით გასროლა განხორციელდა. ოჯახის წევრები და ახლობლები უარყოფენ ინფორმაციას, რომ მას ხელყუმბარა ჰქონდა და და ტერორისტებთან იყო კავშირში.
მას გამოძიება 22 ნოემბერს ბერი გაბრიელის ქუჩაზე ლიკვიდირებულ ახმეტ ჩატაევთან კავშირში სდებს ბრალს.