საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალ „OK“-ს მისცა, სადაც იგი პირად ცხოვრებაზე, მის ბავშვობასა და სწავლაზე საუბრობს. პრემიერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ილინოისის უნივერსიტეტში სწავლის ეტაპიც გაიხსენა:
„20 წლის წინ, ჩვენგან ძალიან იშვიათად თუ მიდიოდნენ უცხოეთში სასწავლებლად, მით უმეტეს, ამერიკაში. ამერიკის მთავრობამ დამაფინანსა, ედმუნდ მასკის პროგრამით ვიყავი წასული. მახსოვს პირველი დღე. ქართველი, ილინოისის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, ვარ ამაყი, ბედნიერი. პირველი ლექციისთვის საგულდაგულოდ მოვემზადე, ჩავიცვი კოსტიუმი, პერანგი, გავიკეთე ჰალსტუხი. ასე წავედი ლექციაზე. გზად, აუდიტორიის ძებნაში, ლექტორი შემხვდა, ვკითხე, სად იყო აუდიტორია? ამხედა-დამხედა და სათვალის ზემოდან მეკითხება“ თქვენ პროფესორი ხართ? მაშინ მივხვდი, რომ არათუ სტუდენტისთვის, ლექტორისთვისაც ზედმეტად ოფიციალურად მეცვა.
პირველად ძალიან მეუცხოვა გარემო, ხალხი, ვერ ვგრძნობდი თავს კარგად. ვფიქრობდი, ვაითუ, ვერ დავამთავრო, საქართველოში უნდა დავბრუნდე და… საშინელი ფსიქოლოგიური სტრესი მქონდა. ერთხელაც, მიკროეკონომიკის ლექცია იყო, გვასწავლიდა პოლონელი ემიგრანტი, მოხუცი პროფესორი, ძალიან გამოცდილი. მოკლედ, 6 თუ 7 დაფა გაავსო ფორმულებით. მათემატიკა კარგად ვიცოდი და ჩუმად ვადევნებდი თვალს ამ ფორმულებს. მეორე თუ მესამე დაფაზე მოუვიდა მექანიკური შეცდომა. უარყოფით მაჩვენებელს მინუსი არ დაუწერა წინ. გააგრძელა, გააგრძელა და ბოლოში მიიღო დიდი აბსურდი.
შემოგვიტრიალდა შემცბარი, იფიქრა, ვინმე მიშველისო. ყველა ზის გატრუნული. ვუთხარი, აი, მეორე დაფაზე აბსოლუტური მაჩვენებლის ნიშანი რომ მოაშორეთ, მინუსი უნდა დაგეწერათ-მეთქი. კურსელებმა შემომხედეს, ეს ვინ არისო, რომელი ქვეყნიდან არისო? მაშინ მთელმა კურსმა გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავი. რომ გამოვდიოდი, ლამის საპატიო დერეფანივით მოაწყვეს და ხელს მართმევდბნენ. მეც გავთავისუფლდი… ორი თვის თავზე, როცა პირველი სემესტრი დავამთავრეთ, კარგი ნიშნები მივიღე, ბარიერი გადავლახე და ტვირთი მომეხსნა. ნიშანი გააფორმეს და გახარებული გამოვვარდი. გარეთ კი კოკისპირული წვიმა დამხვდა. იმ რეგიონში ასეთი უეცარი კლიმატური ცვლილება იცის. აღტაცებულმა ამ თქეშში რამდენიმე გაჩერება გიჟივით გავირბინე. სად მივრბოდი, რა მინდოდა?.. მერაღა გავჩერდი, ავტობუსში ჩავჯექი და წავედი სახლში ბედნიერი“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.
წყარო: www.okmagazine.ge