მწერალმა დავით ტურაშვილმა ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
დავით ტურაშვილის განცხადებით წინა ხელისუფლება ცდილობდა პოლიციელებისთვის ხელის დაფარებას იმის გამო, რომ ახალი შექმნილი იყო და მის იმიჯს უფრთხილდებოდა, თუმცა ამ შეცდომამ ის ხელისუფლება მიიყვანა კატასტროფამდე.
დათო ტურაშვილი მოითხოვს, რომ გამოქვეყნდეს ის ვიდეომასალა, რომელიც რატიანის ცემამდეა ჩაწერილი. ის ამბობს, რომ თავად რატიანმაც თქვა, რომ სამართალდამცავებს აგინა, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანამდე კი კონფლიქტი სულ სხვა რამის გამო დაიწყო. დავით ტურაშვილის განცხადებით პოლიციელებმა ზვიად რატიანს შეურაცხყოფა მიაყენეს ქურთუკის ფერის გამო და მას რომ სცმოდა შავი ქურთუკი, ალბათ „ქურდული მენტალობის“ პოლიციელებს ამაზე პრობლემა არ ექნებოდათ.
მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, რომ არ მიიკარონ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ არიან პოლიციის ფორმაში ჩაცმული.
„პოლიციელს რომელიც აღჭურვილია ფორმით, შესაბამისი ეკიპირებით და აქვს შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობა, რომ პოლიციელია და თქვენთან შემოდის კონტაქტში მას უნდა დაემორჩილოთ, მას აქვს უფლება გაგაჩეროთ , შეკითხვა დაგისვათ. მაგრამ როგორც კი თქვენთან შემოდის კონტაქტში ადამიანი, რომელსაც ფორმა არ აცვია და გებლატავებათ არის არ შემდგარი ძველი ბიჭი და არ დაემორჩილოთ ასეთ ხალხს,“-განაცხადა დათო ტურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გარდა ამისა, მისი თქმით, გზაში მას კიდევ სცემეს.
შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება დროებით, გამოძიებს დასრულებამდე შეუჩერდა.
თავად ზვიად რატიანს ტვინის შერყევა დაუდგინდა და მის საქმეზე ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ჯანრმთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო, რის გამოც სხდომა გადაიდო 2018 წლის 17 იანვარს 17 საათზე.
სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ ვიდეო-კადრები, რომელიც ზვიად რატიანის დაკავებას აღწერს, რომელსაც სასამართლო პროცესზე წარმოადგენენ მტკიცებულების სახით.