სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ტექდათვალიერების ფაქტს ეხმაურება. იგი უარყოფთად აფასებს ბოლო 5 წლის განმავლობაში ტექდათვალიერების დაწყების თარიღის შეცვლას.
„მთავრობის მიერ მიღებული რეგლამენტის მიხედვით, 2020 წლის 1 იანვარი განისაზღვრა იმ თარიღად, როდესაც ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მცირე გამონაკლისის გარდა) გავლილი უნდა ჰქონდეს ე.წ. ტექდათვალიერება.თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურების კონტექსტში, რამდენიმე მნიშვნელოვან პარამეტრს ამ პერიოდში ჩატარებული შემოწმებისას არ მიექცევა ყურადღება, რაც საკითხის კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში გადადებას გულისხმობს. მაგალითად, 2020 წლის 1 იანვრამდე პირველი ინსპექტირების ჩატარებისას არ იმოქმედებს ტექნიკური რეგლამენტის ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც: „დაუშვებელია გაჟონვა ნამწვი აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების დაზიანებული ან შეერთების ადგილებიდან, ხოლო კატალიზური კონვერტორებით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებზე დაუშვებელია ნამწვი აირების ატმოსფეროში გამოყოფა კატალიზური კონვერტორების გვერდის ავლით. ამავე პერიოდში იზრდება გამონაბოლქვ აირებში ნახშირჟანგის (CO) მაქსიმალური დასაშვები შემცველობა და სხვა.შესაბამისად, 2020 წლამდე ჩატარებული ე.წ. ტექდათვალიერების დროს არ შემოწმდება იმ მოთხოვნების შესრულება, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან. აღნიშნული გულისხმობს, რომ მომავალი წლების განმავლობაშიც ტექდათვალიერება ვერ უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვნად შემცირებას“, -ნათქვამია ლომჯარიას განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის სავალდებულო ტექდათვალიერება, თუმცა ეს ეტაპობრივად მოხდება. კერძო ავტომფლობელებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება.