ახალი ამბები მთავარი სამართალი

კვახაძე: ჩატაევის გარდა, შესაძლოა, სხვა ტერორისტებიც იყვნენ შემოსულები

კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე “მეტრონომთან” საუბარში ამბობს, რომ სამწუხაროდ საქართველოს უშიშროების სამსახურმა ამერიკელების დახმარების გარეშე ვერ შეძლეს, რომ ჩატაევთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირების ინდენტიფიცირება მოეხდინა. კვახაძე გამორიცხავს, რომ ჩატაევი და მისი დაჯგუფების დანარჩენი წევრები საქართველოში ვინმეს ხელშეწყობის გარეშე შემოსულიყვნენ.

კონფლიქტოლოგი სუს-ის ვერსიას, რომ საქართველოში ჩატაევი თურქეთიდან, აჭარის მხრიდან შემოვიდა, დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ ამას უფრო მეტი არგუმენტირებული მტკიცებულებები სჭირდება.

“ჩატაევთან ერთად მყოფი როგორც გარდაცვლილები, ასევე დაკავებული პირები ინტერპოლის მიერ ძებნილები არიან. სუს-ს სრულიად თავისუფლად შეეძლო, რომ ამ ადამაინების ინდენტიფიცირება ბიომეტრული მონაცემების საშუალებით დაედგინა. აღმოჩნდა, რომ ჩვენს უსაფთხოებას მსგავსი სახის ინფორმაციაზე წვდომა არა აქვს.

ასევე არ გმოვრიცხავ, რომ როგორც ჩატაევმა და მისმა დაჯგუფების წევრებმა შეძლეს საქართველოში შემოსვლა, სირიიდან სხვა ტერორისტებიც იყვნენ შემოსულები. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობის წინაშე დავდექით, რომ საქართველოში მსგავსი არალეგალური გზით შემოსვლა შესაძლებელია. საინტერესოა, ასევე საიდან მოაგროვა ამდენი იარაღი ოთხმა ადამიანმა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებიც არ იყვნენ.  ფაქტია, რომ მათ საქართველოში ეხმარებოდნენ.

სამწუხაროდ რა მასშტაბის ტერაქტებზეა საუბარი ეს სუს-მა და გამოძიებამ უნდა გვითხრას.  არ ვიცით რა სახის შეიარაღებაზეა საუბარი, ან ვისთან ჰქონდა ამ ხალხს კონტაქტი. რამდენად დიდ ქსელზეა საუბარი და იყვნენ თუ არა ამაში საქართველოს მოქალაქეები ჩართულები.

არ მგონია წუხანდელმა სპეცოპერაციამ პანკისში სიტუაცია დაძაბოს. იქ უსაფრთხოების სამსახურები ისედაც ყველას და ყველაფერს აკონტროლებენ და სიტუაცია მაინც ყოველთვის დაძაბულია. ჩვენი ხელისუფლება დიდი ყურადღებით უნდა იყოს, რადგანაც სირიაში ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა პოზიციები დაკარგეს და მათთვის საქართველო არც თუ ცუდი თავშესაფარი იქნება”,-განაცხადა “მეტრონომთან” კვახაძემ.

შეგახსენებთ, რომ წუხელ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს”,-ნათქვამია სუს-ის განცახდებაში.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

სუს: სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციამ საქართველოსა და თურქეთში დაგეგმილი ტერაქტები გაანეიტრალა

 

იტვირთბა....