პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის და, ნატო მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ დაჭრილს ჩატაევთან და თბილისის 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციასთან კავშირი არ აქვს. როგორც ის ამბობს, სამართალდამცველებმა კარი შეამტვირეს და მისი ძმის მიმართულებით პირდაპირ გაისროლეს:
“ბავშვს ხელყუმბარით ხელში კი არ სძინავს, 19 წლის ბავშვს, ეს გამაოგნებელი ტყუილია. მკვლელი კი არ არის, ტერორისტი კი არ არის, რომ ხელყუმბარით ეძინოს. მე გვერდით ოთახში მძინავს და როგორც კი ხმაური გავიგონე, გავიხედე გარეთ და დავინახე როგორ ესროლეს. როგორც კი შევიდნენ, მაშინვე ესროლეს.” – განაცხადა ნატო მაჩალიკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.
შეგახსენებთ, რომ თბილისსა და პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს”,-ნათქვამია სუს-ის განცახდებაში.
სუს: სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციამ საქართველოსა და თურქეთში დაგეგმილი ტერაქტები გაანეიტრალა