პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა ისაუბრა:
“პოლიციელთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით. საქმეზე დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. ჯერ მხოლოდ სამი დღეა, რაც გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ მტკიცებულებების დიდი ნაწილი მოსაპოვებელია”, – განაცხადა გაბიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გზაში კიდევ სცემეს.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტი, თაკო გვაზავა სოციალურ ქსელში აღწერს, თუ რა მოხდა თამარ მეფის გამზირზე. როგორც ჟურნალისტი ამტკიცებს, საცობში მდგარმა, ტაქსიდან სწორედ აღნიშნული შემთხვევა იხილა, სადაც, მისი განცხადებით, პოლიციას ფორმა ეცვა, ხოლო პოეტი აგრესიულად იქცეოდა. გვზავას თქმით, რატიანმა პოლიციის ერთ-ერთ წევრს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ის დააკავეს.
შსს-მ და პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება დროებით, გამოძიებს დასრულებამდე შეუჩერდა.
პოეტი ზვიად რატიანი ათსაათიანი დაკავების შემდეგ საპატიმროდან გაათავისუფლეს.