ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“მძინარე იყო და წინააღმდეგობა არ გაუწევია”: პანკისში დაჭრილი მაჩალიკაშვილის ბებია

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის ახმედ ჩატაევთან კავშირში არ იყო და მათ სახლში იარაღი არ ჰქონდათ:

“მძინარე იყო და წინააღმდეგობა არ გაუწევია. იმ ლოგინშივე არის ნასროლი. მძინარეს რომ კარს შეუმტვრევდნენ და შეუვარდებიან, შეეშინდებოდა, აბა რას გაუწევდა წინააღმდეგობას, სულ ტიტველი ჩამოიყვანეს ნასროლი”-აცხადებს მაჩალიკაშვილის ბებია.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მისი დედის, მედეა მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, რომელიც კლინიკაში იმყოფება, თემირლან მაჩალიკაშვილს ორი ტყვია – თავის და მხარის არეში აქვს მოხვედრილი და მისი მდგომარება მძიმეა.

სუს-ის ინფორმაციით, პანკისში, დღეს ჩატარებული სპეცოპერაციისას, ერთ-ერთმა მათგანმა, გვარად მაჩალიკაშვილმა, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ის ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, ამიტომ პოლიციამ ესროლა. ის თავის არეშია დაჭრილი:

“დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენენ მათ ხელშემწყობ პირებს. თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულის აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო დაზიანება, იგი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია,“ – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

პანკისის ხეობაში დღევანდელი სპეცოპერაციისას დაკავებული პირები ახმედ ჩატაევის საქართველოში უკანონოდ შემოყვანაში არიან ეჭვმიტანილნი.

იტვირთბა....