კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე სუს-ის მიერ, წუხელ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას აფასებს. მისთვის უწყების მიერ დასახელებული ვერსია მისაღებია და ამბობს, რომ 22 ნოემბერს ბერი სალოსის ქუჩაზე განვითარებული მოვლენების დროს, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ამბობდა, რომ ჩატაევს და მის ჯგუფს საქართველოში, შესაძლოა, დიპლომატიურ კორპუსებზე თავდასხმა უნდოდა. სწორედ ეს ვერსია დაადასტურა დღეს პრესკომფერენციაზე სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა.
არეშიძის განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ კახეთში მცხოვრები აზერბაიჯანელები ხალხს უხსნიიდნენ,რომ ჩატაევი ტერორისტულ აქტს საქართველოში მყოფ დიპლომატებზე აპირებდა, ასევე ამბობდნენ, რომ მის ჯგუფს პარალელურად თურქეთში ტერორისტული აქტები ჰქონდათ დაგეგმილი. კავკასიოლოგის განცხადებით, ადგილობრივები აკრიტიკებდნენ ჩატაევს და ამბობდნენ, რომ ის მურდატებს ანუ ქრისტიანებს შეეკრა და მუსლიმანისთვის მიუღებელი ქმედების ჩატარებას გეგმავდა. ამიტომ მის სიკვდილს შაჰიდის სიკვდილად არ აღიქვამენ.
“ვერსიას, რომელსაც სუს-ი აქვეყნებს, ჩემთვის ნამდვილად სარწმუნოა. ძალიან ბევრი რამ ერთმანეთს ემთხვევა. არ მგონია, რომ აქ კონკრეტულად მხოლოდ პანკისში იყოს პრობლემა. ის რაც გამოსააშკარავებელი იყო, გამოაშკარავდა. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ტიპის ოპერაციები საქართველოს სხვა კუთხეებშიც მოხდეს.
არ მგონია, რომ ჩატაევმა საქართველოში ტერორისტული ქსელის გაკეთება მოასწრო. ბაზის შექმნა დაწყებული ჰქონდა. გარდა მაგისა, არსებობს დაკონსერვებული ჯგუფები, რომელთა წინააღმდეგაც გარკევული ნაბიჯები გადადგმულია. ვაჰაბიტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც არიან, შესაბამისად, რთული სათქმელია ვთქვათ, პანკისში უფრო ბევრნი არიან თუ აჭარაში”,-აცხადებს არეშიძე “მეტრონომთან”
შეგახსენებთ, რომ წუხელ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს”,-ნათქვამია სუს-ის განცახდებაში.
ავტორი: ელზა პაპოშვილი
სუს: სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციამ საქართველოსა და თურქეთში დაგეგმილი ტერაქტები გაანეიტრალა