პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებული პირები დაკავშირებული არიან თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ პირებთან, – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა:
“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ამ პირებმა უზრუნველყვეს აჰმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდეგ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.”- განაცხადა სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
სუს-ის ცნობითვე, ამოღებულია აუდიოჩანაწერები, სადაც ისმის, რომ ჩატაევი საქართველოსა და თურქეთში აპირებდა ტერორისტული აქტების ჩატარებას, კერძოდ, დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას.