ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე ანტონი: “5-6 მღვდელმთავარი არ არის და ეს რატო ნიშნავს განხეთქილებას?”

რატომ არ ესწრებოდნენ  პატრიარქის აღსაყდრების საზეიმო წირვა-ლოცვას სამი მღვდელმთავარი- მეუფე იაკობი, მეუფე პეტრე და მეუფე დიმიტრი, ჯერ კიდევ უცნობია.  ამასთან დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა კითხვა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს მეუფე ანტონს დაუსვეს.

მეუფის განცხადებით, წირვას სულ 6 მღვდელმთავარი არ ესწრებოდა, თუმცა ის ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მეუფე ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც წირვას 20 მაღალი იერარქიის სასულიერო პირი არ დასწრებია და მის უკან განხეთქილება არავის დაუნახავს.

“5-6 მღვდელმთავარი არ არის და ეს რატო ნიშნავს განხეთქილებას? ყოფილა წირვა, როდესაც შეიძლება ოცი მღვდელმთავარი არ ყოფილა. ყველა ვერ შეიკრიბება…ზოგი უცხოეთშია, ზოგი ჯანმრთელობის  გამო ვერ დაესწრო. ამაზე მეტი რა გინდათ, 45-დან 42 მღვდელმთავარია წირვაზე წარმოდგენილი, რა განხეთქილებაზეა საუბარი”,-განუცახადა  მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ  პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა დღეს სვეტიცხოველში აღევლინა. წირვას საქართველოს ხელისუფლების წევრებიც ესწრებოდნენ.  ლიტურგიაზე დასასწრებად საქართველოში მღვდელმთავრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.

ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი ბერად 1957 წელს აღიკვეცა და ილია ეწოდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, ანუ აღსაყდრება კი, 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოველში მოხდა.

იტვირთბა....