“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:
პოეტ ზვიად რატიანის ადვოკატი ანი ნასრაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდება. მისი თქმით, რატიანს ტვინის შერყევა აქვს და სახლში წევს. შესაბამისად ადვოკატი პროცესის გადადებას მოითხოვს, – ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც პროცესი უნდა გაიმართოს:
”დღევანდელ სასამართლო პროცესზე შსს წარმოადგენს თავის პოზიციას, თითქოს ბატონმა ზვიადმა 23 დეკემბერს ჩაიდინა სამართალდარღვევა, კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა.
დღევანდელ პროცესზე ბატონი ზვიადი ვერ ახერხებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოცხადებას. ის მწოლიარე მდგომარეობაშია ტვინის შერყევით და ამასთან დაკავშირებით მოვითხოვთ პროცესის გადადებას. ვიდრე ის მოახერხებს გალოცხადებას” – განუცხადა ნასრაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, რატიანი უარყოფს იმას, რომ თითქოს იგი თამარ მეფის გამზირზე მარტო მყოფი უმისამართოდ იგინებოდა, რაც გახდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზეზი.
ანი ნასრაშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარე მიმართავს პროკურატურას, რატიანის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით:
”ჩვენ დღეს ვაპირებთ, რომ მივმართოთ პროკურატურას და რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან ერთად, ასევე მოვითხოვთ, რომ მას მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი”- აღნიშნა ნასრაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გზაში კიდევ სცემეს.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტი, თაკო გვაზავა სოციალურ ქსელში აღწერს, თუ რა მოხდა თამარ მეფის გამზირზე. როგორც ჟურნალისტი ამტკიცებს, საცობში მდგარმა, ტაქსიდან სწორედ აღნიშნული შემთხვევა იხილა, სადაც, მისი განცხადებით, პოლიციას ფორმა ეცვა, ხოლო პოეტი აგრესიულად იქცეოდა. გვზავას თქმით, რატიანმა პოლიციის ერთ-ერთ წევრს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ის დააკავეს.
შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება დროებით, გამოძიებს დასრულებამდე შეუჩერდა.