ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, აუდიტორიდან პროკურატურისთვის გაგზავნილი მასალების საფუძველზე მერიის საქმიანობის გამოძიება შეჩერებულია. საუბარია იმ მასალებზე, სადაც თორდიას თქმით, დოკუმენტურაა აღწერილი, თუ როგორ მიანიჭა მერიამ ოთარ ფარცხალაძეს პრივილეგია და რატომ მისცა სახელმწიფო ქონება არარეალურად იაფად.
თორდია ამბობს, რომ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურები მფარველობენ და თავდასხმა, რომელიც “ელ ცენტროში” მოხდა, პირდაპირ უკავშირდებოდა მის მაშინდელ საქმიანობას. რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც “ელ ცენტროში” მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს, თორდია ამბობს, რომ გამოძიება შეჩერებულია და მისთვის რაიმე ახალი ინფორმაცია ცნობილი არ არის.
“დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური ვითარების შეცვლისთანავე სიმართლე გაიმარჯვებს. არავინ იფიქროს, რომ პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებ, უბრალოდ, ყოფილ მთავარ პროკურორს ჩემზე თავდასხმას არ დავუვიწყებ, დაველოდები, როდის აღსრულდება სამართალი და მოეთხოვება პასუხი ფარცხალაძეს… ფარცხალაძესთან ერთად გამოძიებაც იმ მიმართულებით წავიდა, რომ მე ვარ პათოლოგი, გიჟი და ფარცხალაძეს პირველი დავესხი თავს და პირადი სივრცე დავურღვიე.
ამაზე დიდი ცინიზმი რაღა იქნება?! ეს მაფიქრებინებს, რომ დღეს ფარცხალაძე ხელშეუხებელია, თუმცა ვიმეორებ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. შეჩერებულია აუდიტორიდან პროკურატურისთვის გაგზავნილი მასალების საფუძველზე მერიის საქმიანობის გამოძიება, არადა, დოკუმენტურაა აღწერილი, თუ როგორ მიანიჭა მერიამ ოთარ ფარცხალაძეს პრივილეგია, რატომ მისცა სახელმწიფო ქონება არარეალურად იაფადა და ა.შ…სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თავდასხმა პირდაპირ უკავშირდებოდა ჩემს იმჟამინდელ საქმიანობას – აუდიტის სამსახური მაშინ მერიის გადაწყვეტილებებს ამოწმებდა, ერთ-ერთ ეპიზოდში კი ოთარ ფარცხაკაძე ფიგურირებდა – ის მერიამ უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა, ჩაუნაცვლა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სამჯერ დიდი ფართობით და დამატებით – მისთვის სასურველ ფართობზე აუქციონი ფარცხალაძეს მოარგო.
ასევე გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში პოლიტიკური შეხედულებისა თუ ვინმესთან მეგობრობის გამო, არც ერთი აუდიტორისთვის სუბიექტური მითითება არ მიმიცია, პირიქით, ხელს მაქსიმალურად ვუწყობდი მათ პროფესიულ დამოუკიდებლობას”,- განაცხადა ლაშა თორდიამ “კვირის პალიტრათან” ინტერვიუში.
წყარო: “კვირის პალიტრა”