ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი: თუ სააკაშვილის ადვოკატი კვლავ არარეალურ მიზეზს მოიგონებს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებ

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან: 

“თუკი იანვრისთვის არ მექნება დასკვნითი სიტყვა მომზადებული, შეიძლება ისევ მოვითხოვო პროცესის გადადება”- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ განაცხადა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ სააკაშვილის ახალი ადვოკატი არ იყო დაკავებული და მას შეეძლო საქმის მასალებს გაცნობოდა. შესაბამისად, დაისვა კითხვა, ჰქონდა თუ არა ადგილი პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას.

“ჩემი მხრიდან გაჭიანურებას ადგილი არ აქვს. წინა პროცესზეც განვაცხადე, რომ ჩემი გამოუცხადებლობა იყო მიზეზი. სასამართლოს ვთხოვე, რომ ვერ მივიღებდი მონაწილეობას, ეს იყო ჩემი გადატვირთული გრაფიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მე წარმოვადგინე ცნობა და ბრალდების მხარემაც წარმოადგინა, რომ სხვა სხდომებზეც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ის, რაც ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა, მე თავად წარვუდგინე დღეს სასამართლოს, რომ ვიმყოფებოდი ამ პერიოდის განმავლობაში ნომერ მერვე დაწესებულებაში ბრალდებულთან კონსულტაციების გასაწევად, ასევე პროკურატურაშიც მომიწია მისვლა. ბრალდების მხარემ ეს არ წარმოადგინა”- აღნიშნა ადვოკატმა.

მისი თქმით, მას მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან ორი დღის განმავლობაში ვერ მოასწრო. ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ მისი მხრიდან იყო მცდელობა ოჯახს დაკავშირებოდა.

“წინა პროცესამდე მის ოჯახის წევრებს მივმართე წერილით და ვაცნობე, რომ მე ვიცავდი მის ინტერესებს საქალაქო სასამართლოში და თუ კი რამე საკითხი იქნებოდა, ჩემი კოორდინატები მივუთითე და ვუთხარი, რომ დამკავშირებოდნენ”- აღნიშნა ადვოკატმა.

სააკაშვილის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მოსამართლეს უნდა დაჩქარებული წესით განიხილოს საქმე.

პროკურორი კი ამბობს, რომ ადვოკატმა იცრუა მისი გადატვირთული გრაფიკის შესახებ და იმის შესახებ, რომ ის ამ მიზეზით ვერ გაეცნო საქმის მასალებს. როგორც სასამართლოში ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, დაცვის მხარე ვერ აბამს თავს, რომ დასკვნითი სიტყვა წარმოადგინოს.

“გასაგებია, რომ მათ არაფერი აქვთ სათქმელი და ამის თაობაზე მე ადრეც ვაცხადებდი. ძალიან მწირი მტკიცებულებებით იყო ბრალდებულ სააკაშვილის დაცვის მხარე ამ პროცესზე წამოდგენილი. გასაგებია, რომ არ აქვთ არგუმენტები, მაგრამ ყველაფერი უნდა ჩაჯდეს გონივრულ სამართლებრივ ჩარჩოში. პროცესების დასურულებელ დროში გაწელვა არც სამართლებრივ პრინციპებში ჯდება და არც გონივრულობაში. შესაბამისად, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და სხდომა 3 იანვარს გადადო. თუ ადვოკატი ისევ სხვა არარეალურ მიზეზს მოიგონებს და ანალოგიურ შუამდგომლობას დააყენებს, მე პირადად, მივმართავ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, ეთიკის კომისიას აღნიშნული ადვოკატის საკითხზე რომ იმსჯელონ და დაადგინონ დისციპლინარული პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ ეს არის სიცრუე”- აღნიშნა საქმის პროკურორმა.

პროკურორს სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ იქ შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

მომხდევნო სხდომა 2018 წლის 3 იანვარს ჩაინიშნა.

მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად და მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....