შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები სისტემატიურად შემოჰქონდა და მის რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე, ძირითადად ფონიჭალაში ახორციელებდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო კონტროლის და სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებისა და საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ დაკავებულია 127 პირი.