პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას საგანგებო განცხადებით მწერლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეეები გამოეხმაურნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას “უტიფრობა” უწოდეს. ისინი მოითხოვენ, რომ დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხდეს და მათ პასუხი აგონ.
“ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის უტიფრული განცხადება იმის ფონზე, თუ როგორ აწამეს, როგორ იძალადეს პოეტ ზვიად რატიანზე. სრულიად გაუგონარი ფაქტი მოხდა. ის ძალიან მძიმე მდგოარეობაშია. წარმოიდგინეთ, ჩვენ მას ვიცნობთ, ის ცნობილია საზოგადოებისთვის, საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანს რას უზამდნენ. დღეს ახლა უცნობი ადამიანი ჩაგდებული იქნებოდა, კაცმა არ იცის სად და პროკურატურა რა საქმეებს “შეუკერავდა” მას, წარმოდგენაც კი არ არის საჭირო, როგორ დაჩაგრავდნენ.
7-8 კაცი, რომელიც ასე გაუსწორდა ზვიად რატიანს, ამგვარად ალბათ ბევრჯერ მოქცეულან. ეს 7-8 კაცი გამოჩნდეს, გვაჩვენონ ვინ არიან ესენი, ვიცოდეთ ეს მოძალადეები იმიტომ, რომ ძალადობა არ არის აბსტრაქტული ცნება. მუდმივად რაღაც აბსტრაქციებზე ვლაპარაკობთ და მოძალადე არის კონკრეტული, მითუმეტეს როდესაც სახელწმიფოს წარმომადგენელი, პოლიციელი ძალადობს, ეს არის დანაშაული სახელმწიფოს, მოქალაქეებისა და ადამიანების წინაშე.
ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ გვაჩვენონ, ვიცნობდეთ სახეებზე, ვინ არიან ეს მოძალადეები, მათი სახელები და გვარები ვიცოდეთ, რომ მომავალში ავიცილოთ მსგავსი უბედურება, თორემ ეს მოძალადეები ძალადობას კვლავ გააგრძელებენ, როგორც ყოველთვის ასე ყოფილა საქართველოში. ძალიან გთხოვთ, ნუ გვაშანტაჟებთ, ნუ აშანტაჟებთ ზვიად რატიანს, აბსოლუტურად უაზრო ჩანაწერებით. ის ჩანაწერები გვაჩვენეთ, სადაც მას სცემდნენ და აწამებდნენ”,-განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიფინგზე შსს-ს მოადგილე ნათია სონღულაშვილმა ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, შსს-ს ამ ეტაპზე არ მიაჩნია სწორად საჯაროდ გამოიტანოს რატიანის უცენზურო გამონათქვამების ამსახველი ჩანაწერი, მაგრამ მას სასამართლოში მტკიცებულების სახით წარადგენს.