ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში “ენმ”-ის წევრის ეკა წამალაშვილის, კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის და ხათუნა ხოფერიას დაპირისპირების შემდეგ ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ხათუნა ხოფერიამ მისი მისამართით სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი განცხადება გამოაქვეყნა. დეკანოიძის თქმით, მან ამის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია უკვე მიაწოდა.
“ამ ქალბატონს გამოუქვეყნებია სოციალურ ქსელში ღია სტატუსი, სადაც გვემუქრება მე და ნიკა მელიას. მე მემუქრება განსაკუთრებით ფიზიკური ანგარიშსწორებით. ანუ, როდესაც ვნახე ეს პოსტი გამომძიებელს მივაწოდე ინფორმაცია, რომ რეალურად ეს იყო დაგეგმილი ქმედება, წინასწარ განზრახული ქმედება, ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე თავდასხმა ამ ქალბატონის მხრიდან და ამაზე ვესაუბრე გამომძიებელს, სხვათაშორის ეს ჩვენებაში გამომძიებელმა შეიტანა , როდესაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ანუ, ეს არის წახალისებული მთლიანად ზოგადად, საზოგადოებაში, მათ მხარდამჭერებში”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გუშინდელ გადაცემაში “ენმ”-ის წევრს ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა და ხათუნა ხოფერიამ მიაყენეს.
მომხდარ ინციდენტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
ხათუნა ხოფერიამ კი მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრსა და ენმ-ს წევრ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ხატია დეკანოიძეს ემუქრება და წერს: “იმ დეკანოიძეს სადაც ვნახავ, თმებით ვითრევ, ვეცდები შტრაფით შემოვიფარგლო. ამოვიდა ყელში ამდენი პროვოკაცია და კაიტიპობის თამაში”.