ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარია: ვერ დავინახეთ არგუმენტები, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა, მძიმე ნარკოტიკების ნაწილში დეკრიმინალიზაციაზე ვილაპარაკოთ

დეპუტატმა ლევან კობერიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა.

აღნიშნულის საპასუხოდ, გახარიამ განაცხადა: ”მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალზე კომპლექსურ საკითხზე. მე მინდა მივესალმო და ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ეს შეკითხვა, განსაკუთრებით კი კომენტარი, რომ საკმაოდ შემჭიდროებული დრო იყო საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებისთვის, რამეთუ ვიცი, რომ ბატონი ლევანი ერთ-ერთი ინიციატორია ამ კანონპროექტის. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა ახალი მდგენელი გაჩნდა ამ პერიოდში. განსაკუთრებით უნდა გავიხსენოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებები, რომელიც მარიხუანას ეხება. მე ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის ღირსებას და შეუსაბამო სასჯელს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს სერიოზული შანსი, რომ მივაღწიოთ დიდ პროგრესს. რა თქმა უნდა, როცა შეძენა-შენახვაზე თავისუფლების აღკვეთა დიდი ხნით ხდება, აქ არის გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ მოვილაპარაკოთ, ისევე როგორც ნარკოტიკის მომხმარებლის შემოწმების ფორმები არაადეკვატურია დღეის მდგომარეობით. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და დღეს თანამედროვე ტექნოლოგიებით ეს ყველაფერი არის მარტივად გადაწყვეტადი”, – განაცხადა  გახარიამ.

ასევე გახარიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა.

”აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს იმპლემენტაციის პერიოდში რომ არ გაგვექცეს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე აქცენტის გაკეთება, განსაკუთრებით ახლგაზრდების კომპონენტში. რაც შეეხება ნარკოტიკებს, მოგეხსენებათ, შს სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია გახლავთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ამ ნაწილში ვერ დავინახეთ არგუმენტები. მაგალითად, სად არის ზღვარი მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის, ვერ დავინახეთ არგუმენტები, რომლებიც თავისუფლად მოგვცემდა საშუალებას, მძიმე ნარკოტიკების ნაწილში დეკრიმინალიზაციაზე ვილაპარაკოთ. ვერ ვხედავთ დღეს, რომ საზოგადოება ეკონომიკურადაც იყოს მზად. შს სამინისტრო არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ნარკოდანაშაულზე და ჩვენ თუ დაგვანახებთ, სად არის ზღვარი ნარკოტიკის მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის, მერე შეიძლება სუბარი გავაგრძელოთ, თუმცა მადლობას გიხდით იმისთვის, რომ აფასებთ დროის კომპონენტს, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც შეიძლება ასე სწრაფად იყოს მიღებული, რამეთუ ეხება საზოგადოებას, მისი უსაფრთხოების, მისი ჰუმანურობის ნაწილსაც, თუმცა ჰუმანურობის ნაწილში დარწმუნებული ვართ, რომ მოვილაპარაკებთ”, – განაცხადა  გახარიამ.

შს მინისტრის განცხადებას, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა, მან გახარიას განცხადება დადებითად შეაფასა.

”მე აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს სულისკვეთებას. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახსენენეთ, არის ზღვარი – სად იწყება წახალისება და სად გადის ზღვარი ჰუმანური მეთოდების გამოყენებას, ლიბერალურ მიდგომას და წახალისებას შორის. ეს ზღვარი ძალიან მკაფიოდ უნდა გავავლოთ. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი მომავალი თაობა ჯანსაღი ცხოვრების წესის სულისკვეთებით გავზარდოთ და არავითარ შემთხვევაში ჩვენი ლიბერალური მიდგომა არ გადავიდეს მოხმარების წახალისებაში. ეს არის მნიშვნელოვანი და ყველაზე კრიტიკული, რაც ამ დარბაზში დღეს ითქვა”, – აღნიშნა პრემიერმა.

 

იტვირთბა....