ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რურუა: როგორ დაგვიცავს მთავრობა, რომელიც მოსმენას “კეთილების” გინებით აგვირგვინებს?!

“სამთავრობო მოსმენა ერთი დიდი გაკვეთილი იყო “ოცნების” და მისი არაფორმალური ლიდერის ირაციონალური ფობიებისა”, – ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა რურუა, სოციალურ ქსელში წერს:

“იმის მაგივრად, რომ მოეცათ ყველა დამსწრეთათვის საქმიანი კითხვების დასმის შესაძლებლობა, ისინი რეგლამენტის არარსებულ მუხლს “ამოეფარნენ” და არაფრის დიდებით არ მოგვცეს ელემენტარული დისკუსიის წარმართვის საშუალება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

მე, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის წევრს, ორი მოწვევის პარლამენტისა და წინა ხელისუფლების წარმომადგენელს, მსურდა პრემიერ-მინისტრისთვის შემდეგი კითხვის დასმა, რისთვისაც მას სამჯერ მივმართე, რაზეც სამჯერვე ანალოგიური პასუხი მივიღე: “წესები დავიცვათ, წესები. დაწერეთ კითხვა და პარლამენტის წევრმა წაგვიკითხოს.”

ახლა აქ ვწერ ამ კითხვას, რომ თითოებულმა თქვენგანმა განსაჯოს რამდენად აქტუალური იყო ეს კითხვა საქართველოს მთავრობის მეთაურობის მსურველისთვის:

“ბატონო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატო, მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოები (აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის ქვეყანათა უმეტესობა) საჯაროდ აღიარებენ, რომ პუტინის რუსეთი მათი ქვეყნების წინააღმდეგ აწარმოებს ე.წ. ჰიბრიდულ ომს, რაც ნიშნავს ყველა არასამხედრო საშუალებისა თუ ფენომენის იარაღად ქცევას და სამიზნე ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის გამოყენებას. კერძოდ, რუსეთი იარაღად იყენებს ინფორმაციას, მედიის საშუალებებს, ენერგეტიკას, ეთნიკურ უმცირესობებს, საიდუმლო დიპლომატიას, კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს, ეკლესიასა და რელიგიას, კულტურას და ა.შ.. აღიარებთ თუ არა თქვენც, რომ საქართველოც რუსული ჰიბრიდული ომის სამიზნეა? და თუ აღიარებთ ამ არსებულ რეალობას, რა პოლიტიკა აქვს საქართველოს მთავრობას რუსეთის მხრიდან ამ ჰიბრიდული შეტევებისგან თავდასაცავად ჩვენი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ?”

ეს იყო კითხვა, რომელიც პრემიერობის კანდიდატმა, ვიმეორებ, სამჯერ თხოვნის მიუხედავად არასდიდებით არ დამასმევინა.

ეს კითხვა, მიუხედავად პრემიერ-მინისტრის ფინალური ნევრასტენიული გამოხტომისა, აქტუალობას არ კარგავს.

და ბოლოს, ესეც მაინტერესებს – უსაფრთხოების ამგვარ გარემოში, როდესაც საქართველოს ასე მრავალმხრივ უტევს უკიდურესად არადემოკრატიული, ჩვენი ისტორიული მიწების სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით მიტაცების მსურველი რუსეთი, ჩვენი ქვეყანა როგორ უნდა დაიცვას ისეთმა მთავრობამ და მისმა ხელმძღვანელმა, რომელსაც ჩვეულებრივი საპარლამენტო მოსმენისას ნერვული კოლაფსი, ისტერია ემართება და, უკაცრავად ნათქვამისთვის, მაგრამ საპარლამენტო ფრაქციის მოსმენას საჯაროდ “კეთილების” გინებით აგვირგვინებს?!

მართლა და მართლა, ეს სახელმწიფოა თუ ივანიშვილის მაამებელი ისტერიჩკების სამიკიტნო???

P.S. მომხდარიდან გამომდინარე, უკანასკნელი კითხვა არაა რიტორიკული.”- წერს რურუა.

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას უკვე შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

იტვირთბა....