პრემიერსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი მედიასთან გამოეხმაურა:
„დღეს მთავრობის შემადგენლობა, რა თქმა უნდა, იქნება მხარდაჭერილი. მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა არის ერთი გუნდი და ასე იქნება ყოველთვის იმიტომ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ავტომატურად გულისხმობს ამას. რაც შეეხება ოპოზიციას, დიდი ნაწილისთვის მთავარი თემა წლების განმავლობაში იყო ადამიანის უფლებების დარღვევა, ღირსების შელახვა და ასე აგრძელებს ცხოვრებას დღესაც. გული სტკივათ და სული აწუხებთ იმის გამო, რომ დღეს ის შესაძლებლობები არ აქვთ, რაც ადრე ჰქონდათ და რასაც აკეთებდნენ ციხეებში თუ სხვაგან. ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ ღირსება, უღირსად იქცევიან ყველგან, ყოველთვის, ყველასთან. პარლამენტში არ არის ადგილი ძველი ბიჭების, მოხულიგნო ელემენტებისა და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების. ესენი არიან მელია და მისი თანაგუნდელები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს დაუჭერს. ოპოზიცია უკვე აცხადებს, რომ ამაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.