დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის, იგივე “ბახალას” საქმის განხილვა დასრულდება. სხდომაზე ბრალდებული დასკვნით სიტყვას იტყვის.
დაცვის მხარეს გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს. გიორგანაშვილის თქმით, პროკურატურის პოზიცია მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებით არის გამყარებული.
„მე მგონია, რომ საჩემოდ უნდა იყოს 99%-ით. მოლოდინის საფუძველს მაძლევს რეალურად ის, რომ რაზეც აქვთ აწყობილი საქმე ორი პოლიციელის ჩვენებაზე და არანაირი მტკიცებულება, არანაირი ანაბეჭდი და არაფერი გარდა იმისა, რომ ორი პოლიციელი ამტკიცებს იმას, რომ რაც ჩამიდეს, ის მედო მე რეალურად,“-განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს (“ბახალას”) აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა შეუცვალა და გირაოს სახით 20 000 ლარი შეუფარდა. ბრალდებული სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.
გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მას სასჯელის ზომად ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ. ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს.