“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ადა მარშანიამ საქართველოს მთავრობის წევრობის კანდიდატების ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებთან” შეხვედრაზე დევნილებზე ისაუბრა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა.
“უკაცრავად ბატონო პრემიერო, მაგრამ პარლამენტის წევრებს თქვენ ლექციებს ნუ გვიკითხავთ. მე უკიდურესად ვიკავებდი თავს ერთი წელიწადი. ვერ წარმოგიდგენიათ დევნილების რა ულევი ნაკადი მოდის ჩემთან. როდემდე არ ვთქვა ის ყველაფერი, რასაც ისინი მეუბნებიან. მე უნდა ვთქვა პარლამენტის ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ პაბლოთიას მიხედეთ ბატონო პრემიერო.
ვიცი 3 ქალბატონი, რომლებიც ინსულტამდე მიიყვანა მისმა თავხედურმა და ცინიკურმა დამოკიდებულებამ. დევნილებთან არ არის ადვილი მუშაობა. ვინ თუ არა მე ეს კარგად ვიცი. ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, მე მგონი მალე მეც გავხდები. ტრენინგები ჩაუტარეთ თქვენს თანამშრომლებს, რომ გაიაზრონ ვისთან აქვთ საქმე!” – განაცხადა ადა მარშანიამ.
ადა მარშანიას განცხადებით, მასთან დევნილების დიდი რაოდენობა მიდის, რომლებიც ლტოლვითა სამინისტროსთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
“დევნილების ულევი ნაკადი მოდის ჩემთან, აღარ შემიძლია – “მექრთამეობა, მექრთამეობა, მომატყუეს”, მე მომბეზრდა ყველაფერი უკვე, უფლება არ მაქვს ეს არ გითხრათ.
მთლიანად გასაშვებია თქვენი სამინისტრო, თქვენიანად”, – მიმართა ადა მარშანიამ ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში მთავრობა საპარლამენტო უმცირესობას ხვდება. ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრები მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ.