გია გაჩეჩილაძე იგივე “უცნობი” აღნიშნავს რომ სახელმწიფო ტენდერების საქმე საერთაშორისო სკანდალად იქცა,რადგან მასში საელჩოც ჩაერთო, გაჩეჩილაძე ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ცდილობენ მის სიძეს, გიორგი შარაშიძეს, თაღლითის იარლიყი ჰქონდეს.
“ეს უბრალოდ სირცხვილია, საერთოდ თუ გაქვთ სირცხვილის გრძნობა. რაც უფრო მეტ ასეთ ნაბიჯებს დგამთ, მით უფრო ჩიხში შედიხართ. ეს საქმე რომ არ იყოს 1000%-ით მართალი ჩვენი მხრიდან, 1 ნაბიჯს არ გადავდგამდი, მაგრამ ის, რომ 28 წლის ადამიანს ასე ფეხებით შედგეთ, იჯიჯგნაოთ მასზე და თაღლითის იარლიყი მიაწებოთ, ამის უფლებას ნამდვილად არ მოგცემთ. ყველაფერს ეძებენ იმისთვის, რომ ახალგაზრდა ადამიანის სახელი შებღალონ”,- აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მას ტენდერების მიუკერძოებლობაში ეჭვი არ ეპარება, რაზეც გაჩეჩილაძემ უპასუხა, რომ პრემიერმა წინასწარი განცხადებები არ უნდა გააკეთოს.
“არ შეიძლება შესწავლილი იყოს საკითხი მეორე მხარის მოსმენის გარეშე. ჩვენ რა არგუმენტები გვაქვს, რა გავიარეთ – ეს მინდოდა ყველაფერი SMS-ების შემდეგ მეთქვა. არ მომისმინა მან – არც მაშინ და არც დღეს არ კადრულობს იმის გაკეთებას, რომ მომისმინოს. პირდაპირ აკეთებს განცხადებას, რომ მან საქმე შეისწავლა. როგორ შეიძლება საქმე შესწავლილი იყოს, თუკი მეორე მხარეს არ მოუსმენენ. რაც უფრო მეტ მსგავსს განცხადებებს გააკეთებენ, მით უფრო ჩიხში შევლენ, რადგან ყველა დოკუმენტი გამართულია – ვერავინ მოგვედავება”,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
ცოტა ხნის წინ “სიტროენ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერი გიორგი შარაშიძე საფრანგეთის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა და ადასტურებს, რომ მისი კომპანია “სიტროენის” ოფიციალური პარტნიორი საქართველოში არ არის.
საფრანგეთის საელჩოს ცნობით, “სიტროენ ჯორჯია” Automobiles Citroen SA-ს ოფიციალური და უფლებამოსილი იმპორტიორი არ არის.
შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, პრემიერი მზად არის თანამდებობა დატოვოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.