ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოჩა სვანიძე: “თუ გაყალბების ფაქტი დადგინდა, მეორე ტურის ნაცვლად არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს”

მას შემდეგ, რაც უკვე ცნობილი გახდა, რომ  ადვოკატთა ასოციაცია თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურს 23 დეკემბერს ჩაატარებს, ადვოკატთა ნაწილი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.  მათ რიგებშია ადვოკატი გოჩა სვანიძე, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნების გაყალბება მოხდა და მისი თავიდან ჩატარების მომხრეა.  რა გამოწვევების წინაშე დგას ადვოკატთა ასოციაცია და ახალმა თავმჯდომარემ, პირველ რიგში, რა პრობლემები უნდა მოაგვაროს. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით “მეტრონომის” კითხვებს საადვოკატო ბიურო „სვანიძე და პარტნიორების“ დამფუძნებელი და ადვოკატი გოჩა სვანიძე პასუხობს.

“მეტრონომი”: ადვოკატთა ასოციაცია ახალი თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. თქვენი აზრით, რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ადვოკატთა კორპუსი და რის გამოსწორებაზე უნდა ფიქრობდეს მომავალი თავმჯდომარე? 

გოჩა სვანიძე: მე ვფიქრობ, რომ თუ გაყალბების ფაქტი დადგინდა, მეორე ტურის ნაცვლად არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს. მომავალი თავმჯდომარე კონკრეტული პროგრამით უნდა ავირჩიოთ და არა არსებული თავმჯდომარის რეკომენდაციით. პასუხისაგან კითხვაზე თუ რის გამოსწორებაზე უნდა ფიქრობდეს მომავალი თავმჯდომარე, თავს შევიკავებ – სხვისი დამოძღვრა არ მჩვევია. ისე, გამოსასწორებელი ძალიან ბევრია.

-ადვოკატთა ასოციაციის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოში ისევ იბრუნებს პრიორიტეტულ როლს, სასამართლოზე ზეგავლენას, თუნდაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილი სურათით, როდესაც უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე საჯაროდ აცხადებს, რომ მასზე ხდება ზეწოლა და ა.შ. თქვენი მოსაზრება როგორია? 

-ჩემს წინა ინტერვიუში მოგახსენეთ, რომ მართლმსაჯულების სისტემა ძირეულად შესაცვლელია. ამის ნათელ ილუსტრაციას თქვენს კითხვაში მოყვანილი გარემოება ადასტურებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე ზეწოლის მცდელობის დაშვებაც კი წარმოუდგენელია მეტნაკლებად გამართული და სწორი სისტემის პირობებში.

-ადვოკატის ფუნქცია სასამართლოში შეიძლება შეასრულონ არასერთიფიცირებულმა იურისტებმა ან უბრალოდ წარმომადგენლებმა. ეს ხომ არ ზღუდავს ადვოკატის პროფესიას და მათ შემოსავალს? როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებაში?

-ადვოკატისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანისთვის შემოსავალი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, მარტოოდენ შემოსავლის ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკა პირადად მე არ მიმაჩნია გამართლებულად.

ჩვენს რეალობაში საქართველოს კანონმდებლობამ განსაზღვრა ადვოკატის პროფესიის სტატუსი და ამ პროფესიაში შესვლის აუცილებელი წინაპირობები. თუ კანონმდებელი დაუშვებს (სამწუხაროდ უკვე დაუშვა), რომ იგივე საქმიანობა შესაძლოა განახორციელოს სხვა პირებმაც, ამით ადვოკატის სტატუსს აყენებს გაუმართლებელ და ძლიერ დარტყმას. მე ვფიქრობ, რომ კანონმდებელს გააჩნია საკითხებისადმი სისტემური მიდგომის და  სტრატეგიული ხედვისრეალური პრობლემა. ეს ჩვენი ქვეყნის ბოლო 25 წლის გადაუჭრელი პრობლემაა.

-საქართველოში ბევრს საუბრობენ მართლმსაჯულების პრობლემებზე. ეს არის მიზეზი იმის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობიდან დღემდე, სასამართლო სისტემაში რეფორმის რამდენიმე ტალღა გამოცხადდა, თუმცა პრობლემები უცვლელი რჩება. ერთ-ერთი კანდიდატი დავით ებრალიძე გამოსავალს ქართულ მართლმსაჯულებაში პრეცენდენტული სამართალის დამკვიდრებაში ხედავს. როგორია თქვენი პოზიცია?

– მარტოოდენ პრეცედენტულ სისტემაზე გადასვლა არ არის გამოსავალი.

-ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე პირველ ტურში, ხმათა უმრავლესობით  დავით ასათიანი ლიდერობს. როგორ შეაფასებდით მის ხედვებს, რამდენად სწორად აქვს დანახული ადვოკატთა პრობლემები?

-არ ვიზიარებ მის ფილოსოფიას, სერიოზულად მეპარება ეჭვი რომ იგი მოკლებულია სიღრმისეულ ხედვას და ვფიქრობ, რომ  სისტემური რეფორმატორი ვერ იქნება.

-ეთანხმებით თუ არა არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას. თუ ეთანხმებით ან არ ეთანხმებით,  დაგვისაბუთეთ რატომ?

– როგორც პირველი კითხვის პასუხად აღვნიშნე, არჩევნების გაყალბების ფაქტის დადგენის შემთხვევაში მეორე ტურის ჩატარება კანონდარღვევაა. არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია.

ცნობისთვის, პირველი ტურის შემდეგ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია.

პირველი ტურის შემდეგ კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა. ებრალიძე დავითი – 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი – 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი – 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. რეგისტრაციის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 2324 ადვოკატმა მიიღო. პირველი ტური 9 დეკემბერს ჩატარდა.

იტვირთბა....