ახალი ამბები მთავარი სამართალი

გახარია: საპატრულო პოლიცია რეფორმირების შემდგომ ეტაპზე უნდა გადავიდეს

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განაცხადებით, საპატრულო პოლიცია რეფორმირების შემდგომ ეტაპზე უნდა გადავიდეს. გახარიამ ეს განცხადება, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

”მოვიდა დრო საპატრულო პოლიციის რეფორმირების შემდგომ ეტაპზე გადასვლის. რამდენიმე წლის წინ, საპატრულო პოლიციაში რეფორმა წარმატებით ჩატარდა, თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ რეფორმის ძირითადი კომპონენტი შეეხო ე.წ. ფრონტის ნაწილს. სამწუხაროდ, ის პროცესები და პროცედურები, რომელიც უნდა იყოს თვითონ სისტემაში და ინსტიტუტში, საჭიროებს დახვეწას. საერთოდ არ მუშაობს ისეთი კომპონენტები, როგორიც არის გაციფროვნება და დიჯიტალიზაცია.

ჩვენ დღეს ვხედავთ აშკარა ტენდენციას, როდესაც პატრულის მომსახურეობა და საპოლიციო მომსახურეობა უფრო ფართოვდება. მოსახლეობაში საპოლიციო მომსახურეობაზე და სერვისებზე მოთხოვნა იზრდება და ჩვენ თუ ე.წ. ბექის კომპონენტი სასწრაფოდ არ დავალაგეთ, საპატრულო პოლიციის შემდგომი განვითარება იქნება რთული.

ამიტომ, ის პირველი ამოცანები, რომელიც დღეს საპატრულო პოლიციის წინაშე დგას, არის ის, რომ გახდეს უფრო სწრაფი და მოქნილი. საპატრულო პოლიციამ უნდა მიიღოს სერვისზე ორიენტირებული პლატფორმის სახე და ეს საპოლიცო სერვისები უფრო გაფართოვდება და მოხმარდება მოქალაქეების პირველადი უსაფრთხოების მიმართულებით მოთხოვნების დაკმაყოფილებას”, – განაცხადა გახარიამ.

ხუთი კომიტეტის – აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან.

7 დეკემბერს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

იტვირთბა....