ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძის მორიგი დავალება: სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება დარეგულირებული უნდა იყოს

თბილისის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ ირაკლი ხმალაძესა და მაია ბითაძეს სადისტრიბუციო კომპანიებთან თანამშრომლობა დაავალა. კალაძემ ქალაქში საცობების პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, სწრაფად უნდა მოხდეს იმის დარეგულირება, როდის და რომელ საათებში უნდა მოხდეს მათი ქალაქში გადაადგილება.

კალაძის აზრით, სწორედ მსგავსი სახის რეგულაციებით იქნება შესაძლებელი, რომ ქალაქში არსებული საცობების განმუხტვა მოხდეს. ქალაქის მერი ასევე, ე.წ. ყვითელი სამარშუტო ტაქსების და ნარჩენების გადამტანი ავტომობილების მოძრაობის დარეგულირებას აპირებს.

„რაც შეიძლება ძალიან სწრაფად ჩაინიშნოს შეხვედრა და ანალოგიურად დავიწყოთ მოლაპარაკებები მათთან, რომ დღის განმავლობაში იყოს კონკრეტულ საათები, როდესაც მათ ქალაქში გადაადგილების შესაძლებლობა ექნება.

რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საცობების მოწესრიგებაზე, ეს რა თქმა უნდა, არის კომპლექსური პრობლემა და ამას სჭირდება მასშტაბური მიდგომები, თუმცა ის კომპონენტები, რაც ნარჩენების გატანას ეხება, იგივე ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსების სწორად მოძრაობას და სადისტრიბუციო კომპანიების გადაადგილებას, უნდა იყოს დარეგულირებული და ნაწილობრივ ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც ჩვენ საცობებთან დაკავშირებით გვაქვს.

რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სხვა ღონისძიებები, რომ საცობების პრობლემა ქალაქში იქნეს მოგვარებული. ამიტომ ჩემი თხოვნაა, შეძლებისდაგვარად სწრაფად მოხდეს შეხვედრა სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომ ეს ყველაფერი დავალაგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....