საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის ორწლიანი დავა დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო სექტორისა და საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ მიიღო.
ამის შესახებ 1 tv-ი იუწყება.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ საყდრისი–ყაჩაღიანთან დაკავშირებით კანონი დაირღვა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლს სტატუსი საფუძვლიანი შესწავლის გარეშე მოუხსნა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სასამართლო პროცესს ობიექტურად აფასებს.
„პირველ ინსტანციაში სააგენტომ, მთავრობის ადმინისტრაციამ და კულტურის სამინისტრომ აბსოლუტური დამაჯერებლობით მოიპოვა გამარჯვება. ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იყო წარმოდგენილი, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები მოქმედებდნენ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ან კულტურული მემკვიდრეობის საზიანოდ. სასამართლო პროცესი ჩატარდა ძალიან ობიექტურად. არაერთი ექსპერტი და მოწმე დაიკითხა, მათ შორის, მეც. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნები იყო უსაფუძვლო და არ დაკმაყოფილდა. ეს ხაზს უსვამს, რომ ჩვენ სწორად ვიქცეოდით რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით გამყარებულია“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საბჭოს ყველა წევრი და დარგის ის სპეციალისტები დაიკითხნენ, რომელთაც თავის დროზე ჩათვალეს, რომ რომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს გეოლოგიური ქანების აგებულების გამო, მისი ფიზიკური შენარჩუნება შეუძლებელი იყო. სასამართლო განხილვებისას შედგა არაერთი გასვლითი სხდომა, რომლის დროსაც ყველა მტკიცებულება ადგილზე გადამოწმდა.