ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული პოლიციელების ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე, ახალ დეტალებს აჟღერებს. მისი თქმით, ხახუბიას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ხმოვანი სიგნალით ეუბნებოდნენ, რომ გვირაბს მიღმა ბარიერი ელოდებოდა:
„განათება კარგი იყო. დადგინდა, რომ გვირაბში შესვლამდე ხახუბიას დაახლოებით 40-50 მეტრში მიყვებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ დროს ეუბნებოდნენ მას ხმოვანი სიგნალით, რომ წინ, გვირაბის მიღმა, ელოდებოდა ბარიერი, შეენელებინა მოძრაობა და გაჩერებულიყო“, – აღნიშნავს ცინცაძე.
როგორც საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი აცხადებს, ბექა ხახუბიას პოლიციის თანამშრომლების დაზიანების განზრახვა არ ჰქონია:
„ბექა ხახუბიას არანაირი განზრახვა არ ჰქონდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დაზიანების, მათი ჯანმრთელობის ხელყოფის და არც სხვა რამე ინტერესი არ ამოძრავებდა. მან გვერდი აუარა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსაც, იქ გაჩერებულ ავტომობილებს და მათ შორის გაიარა“, – განაცხადა ყაზარაშვილმა.
დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია 17 მაისს, გორის გვირაბთან ავტოსაგზაოშემთხვევის დროს დაიღუპა. ის გადაჭარბებული სიჩქარით ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას და პატრულის მითითებას არ დაემორჩილა, რა დროსაც პოლიცია დაედევნა. გორის გვირაბის გასასვლელთან პატრულის თანამშრომლებმა გზა ტრაილერით ჩაკეტეს, რომლის წინ რამდენიმე მეტრში ევაკუატორი დააყენეს. დიდი სიჩქარით მოძრავი ბექა ხახუბია ჯერ ევაკუატორს დაეჯახა, შემდეგ კი – ტრაილერს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.