საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არა პრივილეგირებულ, არამედ დაჩაგრულ მდგომარეობაშია და ის ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს, – ეს განცხადება, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ გააკეთა.
მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე გვიმრაძემ, პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ისაუბრა. გიორგი გვიმრაძემ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელ დირექტორს, ნატა ძველიშვილს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ „დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია“.
„ქვეყანაში კომერციული მაუწყებლების პრიმატი არსებობს, რაც პარლამენტში პირდაპირ ითქვა. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც საზოგადო სიკეთე უფრო ცუდი რამეა და დაჩაგრულია, ვიდრე – კერძო სიკეთე. ეს მდგომარეობა ძალიან ცუდია და ის ადამიანები, ვინც ცვლილებებს ეწინააღმდეგებით, კერძო სიკეთეების სასარგებლოდ საზოგადო სიკეთეს ებრძვით. თქვენ ცდილობთ, კერძო ინტერესი საზოგადო სიკეთეზე მაღლა დააყენოთ. ეს არის ფაქტი“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.