ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-მ იერუსალიმის სტატუსზე გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადო

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-მ იერუსალიმთან დაკავშირებით რეზოლუციას ვეტო დაადო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

რეზოლუციის პროექტით გაერო იერუსალიმის სტატუსის შეცვლას არ ეთანხმება და დონალდ ტრამპს მოუწოდებს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალად იერუსალიმის გამოცხადების შესახებ.

ეს პროექტი, რომელიც პალესტინამ მოამზადა, უშიშროების საბჭოში ეგვიპტემ შეიტანა. დოკუმენტში წერია, რომ „ ყველა გადაწყვეტილებას და ქმედებას, რომელიც იერუსალიმის სტატუსის და დემოგრაფიული შემადგენლობის შეცვლას ემსახურება, იურიდიული ძალა არ აქვს და გაეროს რეზოლუციების შესაბამისად უნდა გაუქმდეს.“

ამავე პროექტის მიხედვით, ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გაეროს რეზოლუციებს ეწინააღმდეგება.

რეზოლუციის პროექტს მხარი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს.

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას მხარი დაუჭირა. იერუსალიმი ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების მთავარი საგანია. ისრაელი წმინდა ქალაქს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს, ხოლო პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ.

13 დეკემბერს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა.

იტვირთბა....