საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან დამატებითი ფრაქციების შექმნის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.
“ოპოზიციას აქვს იმდენივე ფრაქცია დღეს, რამდენიც მმართველ გუნდს, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბუნებრივია, ჩვენს ინტერესში შედის, რომ გავზარდოთ და გავაუმჯობესოთ მუშაობა შიგნით, ამიტომ ეს გადაწყვეტილება ამას უკავშირდება. გარკვეული პოლიტიკური კომენტატორების მხრიდან არაჯანსაღი ინტერპრეტაციები მოჰყვა ამ საკითხს”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
მისი თქმით, დამატებითი ფრაქციების შექმნა განსაკუთრებულ დანახარჯებს არ უკავშირდება.
“როგორც იცით, დაფინანსება ფრაქციების შემთხვევაში არის მიბმული პარლამენტარებთან, შესაბამისად, როდესაც პარლამენტარები ქმნიან ფრაქციას, ეს დაფინანსება მიჰყვება მათ. ანუ, რეალურად მოხდება დაფინანსების ალოკაცია უკვე დამატებითი ორი ფარქციისთვის. ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივი. რეგლამენტში მკაცრად არის გაწერილი, თუ როგორ ხდება დაფინანსება გაწერილი”, – განაცხადა თალაკვაძემ.