ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არასრულწლოვნებში დანაშაული ბოლო წლების განმავლობაში მომატებული არ არის”: შს მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანთა შორის დანაშაული ბოლო წლების განმავლობაში მომატებული არ არის.

მეზვრიშვილი მთავარი პროკურატურის მიერ წარდგენილ სტატისტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს ძირითადი გამოწვევა 14 წლამდე პირების მიერ დანაშაულის ჩადენაა,  რაზეც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

მეზვრიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში შესაძლოა მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სკოლაში უსაფრთხოების გაძლიერებას და მანდატურების ინსტიტუტის დახვეწას ითვალისწინებს.

„ამ მიმართულებით უწყებათაშორისი კომისია გვაქვს შექმნილი, რომლის ფარგლებშიც ერთი მხრივ, რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე ვმუშაობთ და მეორე მხრივ, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ვმუშაობთ, ასევე მანდატურების ინსტიტუტის ეფექტურობას ვაფასებთ. არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს დღეებში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდეს, სადაც ჩვენი აქცენტი გადატანილი იქნება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე, ანუ პრევენციის მიმართულებით გავაქტიურდებით” – განაცხადა მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება სტატისტიკას, კოდექსის ამოქმედების შემდეგ, 2 წლის განმავლობაში, გამოვლენილია არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი 1149 დანაშაულის ფაქტი, საიდანაც 772-ის განრიდება მოხდა.

პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ლონდა თოლორაიას განცხადებით, ლიბერალური მიდგომის პირობებში, განრიდებულების მხოლოდ 9%-ს შემთხვევაში დაფიქსირდა განმეორებითი დანაშაული.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2016 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს.

 

იტვირთბა....