აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიდის თუ არა და ვინ შეცვლის კვირიკაშვილს: „ის თანამედროვე ბრეჟნევია“ – პოლიტოლოგები „მეტრონომთან“

მხარეებად და ჯგუფებად დაყოფილი „ქართული ოცნება“ – ასე აფასებენ პოლიტოლოგები „მეტრონომთან“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მას შემდეგ რაც პრემიერს, მისი მეგობარი მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე დაუპირისპირდა და პრემიერმაც სიმართლის დასამტკიცებლად გადადგომით მზადყოფნა გამოაცხადა, მედიაშია სულ უფრო აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ მას უახლოეს მომავალში პოსტს დაატოვებინებენ, ხოლო მის შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია განიხილება.

ეს ეჭვები ფრაქცია “ქართული ოცნების” სამ ნაწილად გაყოფამაც გაამყარა. ახლად შექმნილ ერთ ფრაქციას – “უცნობის” მეგობარი ბიძინა გეგიძე, მეორე ფრაქციას კი ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნესპარტნიორი გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს. ეს ფაქტი დროში დაემთხვა “უცნობის” მიერ ტენდერების თემაზე გახმოვანებულ სკანდალს.

პოლიტოლოგები „მეტრონომთან“ ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს პრემიერი, როდის უნდა წავიდეს პრემიერი სახლში, რა უნდა მოხდეს საერთოდ, პოლიტიკური გუნდი არ იღებს.

მათი აზრით, ამ გადაწყვეტილებას ისევ და ისევ ერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. ექსპერტების თქმით,  ამ დაპირიპირების ფონზე გამოჩნდა, რომ პოლიტიკური გუნდი კვირიკაშვილს არ ჰყავს. პოლიტოლოგების თქმით, „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზმი კლასიკური გაგებით, არ არსებობს.

მათი თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ოცნებაში“ სრული არეულობა და გაუგებრობაა. ექსპერტების განცხადებით, 2016 წლის  არჩევნებში კვირიკაშვილმა თავისი მოვალეობა შეასრულა და ახლა მისი მანდატი ამოიწურა, შესაბამისად, სხვა მოთამაშეები გამოჩნდნენ, რომლებიც  გაცილებით უფრო სანდო და ადეკვატურები არიან.

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ სიტუაციის ზედმეტად დრამატიზება ხდება. მისი თქმით, „ოცნებაში“ რა სახის პოლიტიკური ჯგუფებიც არ უნდა ჩამოყალიბდეს, მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ხუხაშვილი ამბობს, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური თამაშის წამოწყების უნარი არ აქვთ და ისინი ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტობენ. ხუხაშვილის აზრით, შესაძლოა მათ ერთმანეთს მუჯლუგუნები ურტყან, აგინონ, მაგრამ ივანიშვილის კისრიდან ჩამოხტომა მაინც არავის უნდა. მისი აზრით, ღია კონფროტაციას ვერავინ ვერ გაბედავს, რადგანაც მათ ივანიშვილის კეთილგანწყობის დაკარგვის ეშინიათ.

„კვირიკაშვილის ბედს რაც შეეხება, საერთოდ საინტერესო არ არის. კვირიკაშვილი აქ იქნება თუ სხვაგან, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც ის არანაირი ლიდერი არ არის. ის საკუთარ თავზე, არც გადაწყვეტილებებს და არც პასუხისმგებლობას არ იღებს.

როცა პოლიტიკურად  დრამატული სიტუაცია იქმნება იმალება და ხმას არ იღებს. აი მაგალითად, გერმანიაში, კონკურსში ნათია თოდუამ გაიმარჯვა და მიულოცა, მას სხვას არავინ არაფერს ეკითხება. კვირიკაშვილი თანამედროვე კლასიკური გაგებით, ბრეჟნევია. ახლა გია გაჩეჩილაძის განცხადებების მერე, ფეხების ბაკუნი დაიწყო გადავდგებიო. გადადგეს კაცო, ვის აშინებს, ხვალ ეგ კაცი აღარავის ემახსოვრება.

კვირიკაშვილი პოლიტიკური მოთამაშე არ არის. შიდა პარტიულ ინტრიგებშიც კი არანაირი ძალა არა ქვს.  ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ის პოლიტიკოსი არ არის. მისთვის უკეთესია, რომ გადადგეს. წვალობს ეს ადამიანი, იმაზე დიდი პასუხისმგებლობა აკიდეს, ვიდრე რეალურად შეუძლია.

რას ვერჩით, ბევრად უფრო უკეთესად იგრძნობს თავს თუ ამ პასუხისმგებლობისგან გავათავისუფლებთ. ის ღარიბაშვილის შემდეგ,  მართლაც კარგი სახე იყო, თუმცა ის პოლიტიკოსი არ არის და მისი წვალება, რაც უფრო მალე დასრულდება, მისთვის უფრო უკეთესი იქნება“, – ამბობს ხუხაშვილი „მეტრონომთან“.

მისი თქმით, ამ ეტაპზე შესაძლო კანდიდატებზე საუბარი რთულია. ანალიტიკოსს ეჭვი ეპარება, რომ პრემიერობის კანდიდატად გახარია დასახელდეს. ის არ თვლის, რომ შსს-ს მინისტრი ამ პოსტზე მთავარი და ერთადერთი კანდიდატურა  იყოს.

ანალიტიკოსი გია ნოდია „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ კვირიკაშვილის შემცვლელად გიორგი გახარია დიდი ხნის წინაც სახელდებოდა. მისი თქმით, ეს მაშინ შიდა გაყოფებს არ უკავშირდებოდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მაშინ კვირიკაშვილს „ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატად მოიაზრებდა. თუმცა, მისი აზრით, ახლა ამაზე საუბარი რთული იქნება, რადგანაც „ქართულ ოცნებაში“ არსებული შიდა დაპირისპირება შესაძლაო ბევრად ღრმა იყოს.

ნოდია ამბობს, რომ მას შედეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, მსგავსი შიდა დაპირისპირება ყოველთვის მოსალოდნელი იყო, რადგანაც კვირიკაშვილი არ არის პოლიტიკური ლიდერი და მას სიტუაციის კონტროლი უჭირს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ პროცესები იქამდე იქნება უმართავი სანამ მასში უზენაესი არბიტრი ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერთვება.

„გარედან ისე ჩანს, რომ ივანიშვილმა ერთი ნაბიჯით უკან დაიწია და „ოცნების“ შიგნით საქმის გარჩევა აცადათ. ივანიშვილი ცდილობს, ამ დაპირიპირების ფონზე დაინახოს ვის რა უნდა და ერთმანეთთან რა პრობლემები აქვთ. ის ამ ეტაპზე შორს მდგომი ადამიანის თვალით მოვლენების განვითარებას აკვირდება. თითქოს ასე ცდილობს, რომ მტყუან-მართალი გაარჩიოს. ვფიქრობ, მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებებით და სწორედ მაშინ ვნახავთ გადადგება თუ არა კვირიკაშვილი.

რთული სათქმელია ამ დაპირისპირებაში კვირიკაშვილის მხარეს ვინ დადგება. „ოცნებაში“ ახალა ადამიანები თავს იზღვევენ, რომ თუ კვირიკაშვილი გადადგება და მას გახარია შეცვლის, მათ პრობლემები არ შეექმნათ. შთაბეჭდილება იქმნება, რომ მისი ფიგურა საკმაოდ დასუსტებულია და პოსტის დატოვება მას თავადვე სურს. ამიტომ მგონია, რომ სახელისუფლო გუნდში ყველა თავს იკავებს და მოვლენების განვითარებას ელიან“, – ამბობს „მეტრონომთან“ ნოდია.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

 

იტვირთბა....