რადას დეპუტატი პოროშენკოს ბლოკიდან ირინა ფრიზი ინიციატივით გამოდის, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გააძევონ ქვეყნიდან. ინფორმაცია უკრაინულ მედიაში გავრცელდა.
“მე მომხრე ვარ გავაძევოთ ეს ადამიანი, რაც შეიძლება შორს უკრაინიდან. ის ანგრევს ჩვენ სახელმწიფოს და წარსულს” – აცხადებს ფრიზი. მისი თქმით, ამაზრზენი იყო, როცა კვირას, 17 დეკემბერს, საპროტესტო აქციის დროს, ადამიანები ცდილობდნენ შევარდნილიყვნენ შენობაში, სადაც ბავშვებისთვის წინასაახალწლო ღონისძიება იმართებოდა.
ფრიზმა სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეადარა.
“მაშინ, როცა უკრაინის ხელისუფლება ცდილობს სამართლებრივი ფორმებით მიუდგეს პერსონას, სააკაშვილი, როგორც პუტინი, ფეხქვეშ თელავს კანონს და ქმნის ნეგატივის ვირტუალურ გარემოს. მას იმპიჩმენტი კი არა, ხელისუფლება სჭირდება 10-ჯერ მეტად იმ ქვეყანასთან შედარებით, საიდანაც სამარცხვინოდ გამოიქცა. – განაცხადა ფრიზმა.
შეგახსენებთ, 17 დეკემბერს, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა საპროტესტო აქცია გამართა “ოქტომბრის სასახლესთან”, სადაც სამართალდამცავების მხრიდან გარკვეული პრობლემები შეიქმნა. მოგვიანებით, სააკაშვილმა ამ ფაქტს პროვოკაცია უწოდა.