ახალი ამბები მთავარი სამართალი

“იმდენი ჭრილობა აქვს მიყენებული, რომ გამორიცხულია ეს ორმა კაცმა გააკეთოს”: ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდის მამა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ “რუსთავი 2”-თან განაცხადა, რომ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე მხოლოდ ერთი პირი არ არის, რადგან მას ჭრილობა რამდენიმე ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ დაპირისპირების ინიციატორები არც დავით სარალიძე და არც მეორე გარდაცვლილი მოზარდი, ლევან დადუნაშვილი, არ ყოფილან. მისი თქმით, მისი შვილი, სავარაუდოდ, მეგობარს დასახმარებლად გაჰყვა, ხოლო ლევან დადუნაშვილი კონფლიქტში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა.

”რეალურად რომ ვიმსჯელოთ, იმდენი ჭრილობა აქვს მიყენებული, რომ გამორიცხულია ეს ორმა კაცმა გააკეთოს. იყო ხუთი შემღწევი ჭრილობა და კიდევ შვიდი, რაც ორი დანით გამორიცხულია. ჩემს შვილს ორი კაცი ვერ მოკლავდა, ვერც მოერეოდა, ხუთი კაციც რომ ყოფილიყო, ვერ მოერეოდა. შიშველი ხელით ვერც ერთი ვერ მოერეოდა. მისი ყველაზე დიდი მინუსი იყო, რომ ძალიან ძლიერი იყო და მაგის გამო იყო, რომ იარაღი იხმარეს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, ბუნდოვანია რა მოხდა საბედისწერო დღეს და იმედი აქვს, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

”მოუთმელნად ველოდებით გამოძიების შედეგს. მინდა დაველოდო გამოძიებას და იმედი მაქვს, გამოძიება ყველაფერს ისე დაადგენს, როგორც საჭიროა. ჩემი შვილის მეგობრებს ვეუბნები: – ბიჭებო წყნარად იყავით, არაფერი გულში არ ჩაიდოთ. მოვუწოდებ, რომ წყნარად იყვნენ და ცხელ გულზე ერთმანეთში კიდევ დაპირისპირება ამ მოხდეს”, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

იტვირთბა....