aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ: ჩრდილოეთ კორეა ბალისტური რაკეტების უკანონო გამოცდას განაგრძობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ფხენიანიდან მომდინარე მუქარა მთელი მსოფლიოსთვის ყურადსაღებია.

ტილერსონმა ჩრდილოეთ კორეა ვაშინგტონისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დაასახელა.

“მიუხედავად იზოლაციისა და გამკაცრებული სანქციებისა, ჩრდილოეთ კორეა განაგრძობს ბალისტიკური რაკეტების უკანონო გამოცდას, განაგრძობს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძოს ზეწოლა ჩრდილოეთ კორეაზე იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა პოლიტიკა შეცვალოს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

მანამდე რექს ტილერსონმა ჩრდილოეთ კორეასთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად მზადყოფნა გამოხატა. აღნიშნული პოზიცია მან საჯაროდ ამჯერად გაეროს ტრიბუნიდან გააჟღერა.

გარდა ამისა, რექს ტილერსონმა ჩრდილოეთ კორეის მთავარ მოკავშირეებს ჩინეთსა და რუსეთს მოუწოდა, კიმ ჩენ ინის რეჟიმზე ზეწოლა გააძლიერონ, რათა ფხენიანმა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა შეწყვიტოს.

თავის მხრივ, რუსეთმა და ჩინეთმა გამოხატეს მზადყოფნა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ესკალაციის პრევენციისთვის.

კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ დაძაბულობას გაეროს გენერალური მდივანიც გამოეხმაურა. ანტონიო გუტიერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან უეცარი ესკალაციის რისკი, რომელიც შესაძლოა კონფლიქტში გადაიზარდოს, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ამის მიზეზი ნდობის დაბალი დონე, სახიფათო ნარატივები და რიტორიკა, ასევე, საკომუნიკაციო არხების ნაკლებობაა.

აღსანიშნავია, რომ გაეროში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა დუმილი დაარღვია.უშიშროების საბჭოს სხდომაზე ფხენიანის წარომმადგენელი ჩა სონ ნამა გამოცხადდა. რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არ მომხდარა. მან სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიუხედავად, ჩრდილოთ კორეა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა 28 ნოემბერს გამოსცადა. რაკეტის გაშვება წარმატებულად შეფასდა. კორეის ცენტრალური ტელეგრაფული სააგენტოს ცნობით, ამ რაკეტამ 4475 მეტრის სიმაღლეზე აფრენა შეძლო და გაშვების ადგილიდან 950 კილომეტრში დაეცა. გამოცდის შემდეგ, ფხენიანმა “სახელმწიფო ბირთვული ძალების” შექმნის შესახებ განაცხადა. ამ ფონზე, ფხენიანს და ვაშინგტონს შორის ბირთვული დარტყმის მიყენებაზე ურთიერთმუქარები გრძელდება.

იტვირთბა....