თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საკრებულოში, დარბაზში მყოფ ოპოზიციის წევრს, ლევან ხაბეიშვილის, რომელსაც ხელში ეჭირა ბანერი წარწერით – „სოციალური- 1.13, ჩინოვნიკი- 8064 დეპუტატი“, მიმართა:
“როდესაც ამბობდნენ, რომ ამ დარბაზში ბნელა, ახლა მივხვდი რატომ ბნელა. ლევან ხაბეიშვილს რომ ვუყურებ, შეენაცვლეთ ვინმე ამ ბანერის დაჭერაში.
ერთი რამ მინდა გითხრათ, სოციალური მიმართულებით სიცრუეზე საუბრობთ. უფასო სასადილოების მიმართულებით ნახევარი მილიონით არის გაზრდილი ბიუჯეტი. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ოთხჯერადი კვებაა.
არცერთ ტყუილს არ გაპატიებთ. ის წლები, როცა თავზე აჯექით ყველას, დამთავრდა. სიცრუით და დემაგოგიით არაფერს გაგიტარებთ,” – განაცხადა კალაძემ.
მან, ასევე აღნიშნა, რომ ლევან ხაბეიშვილისთვის საახალწლო ნაძვის ხეზე პარლამენტის მხრიდან ადგილი შენახულია.
როგორც კახა კალაძემ განმარტა, ნებისმიერ პირთან, რომელსაც ქალაქის პრობლემები აწუხებს, ითანამშრომლებენ:
“დღეს დედაქალაქი ისეთ მდგომარეობაშია, საქმე ყველას ეყოფა. ვინმე კარებს რომ გიკეტავდეთ, ფანჯრიდან უნდა შედიოდეთ, თუ რამის გაკეთების სურვილი გაქვთ. თუ რამის გაკეთების სურვილი გაქვთ, არ გინდათ სიცოცხლით სავსე ქალაქად გარდაქმნაში მიიღოთ მონაწილეობა? კი ბატონო, საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით – ეგეც წაადგება დედაქალაქს“, – მიმართა კალაძემ ოპოზიციას.
საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა.
“საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით – ეგეც წაადგება დედაქალაქს”: კალაძე ოპოზიციას