”Hyundai Auto Georgia”-ს მფლობელი დავით გიორგობიანი დავების საბჭოს წევრის, მამუკა ტუსკაძის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გია გაჩეჩილაძის სიძის კომპანია “სიტროენ ჯორჯია” გოგი თოფაძის შვილის კომპანიის გამო მოიხსნა. გიორგობიანმა განმარტა, რომ ირაკლი თოფაძე ”Hyundai Auto Georgia”-ში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ მხოლოდ ფიქტიურად დაინიშნა:
„ირაკლი თოფაძეს არ აქვს ბიზნეს ინტერესი „ჰიუნდაი ავტო საქართველოში“. იგი არ იღებს ხელფასს, არ იღებს დივიდენდს, არ ფლობს აქციებს, შესაბამისად, არის ნომინალურად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. კანონის მოთხოვნაა, რომ სააქციო საზოგადოებას უნდა ჰყავდეს სამი წევრი, ერთი თავმჯდომარე და ორი წევრი სამეთვალყურეო საბჭოსი, ეს არის მოთხოვნა. შესაბამისად, რადგან მე ვარ 100%-ის მფლობელი აქციების, მე ვინც ჩავთვალე საჭიროდ, ირაკლი თოფაძე, 2011 წლიდან, უფრო ადრე კიდე, არის სამეთვალყურეო საბჭოში. ჩემი მეგობარია და იმიტომ. ოჯახებიც მეგობრობდნენ, მამებიც მეგობრობდნენ, ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს და აქედან გამომდინარე. 2011 წლის შემდეგ მე მაქვს მინდობილობა ირაკლი თოფაძისგან, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ეს მინდობილობა, რომ მე ვარ უფლებამოსილი ყველაფერზე,“ – განაცხადა ”Hyundai Auto Georgia”-ს მფლობელმა, დავით გიორგობიანმა “კურიერთან” საუბრისას.
დავების საბჭოს წევრის მამუკა ტუსკაძის თქმით, კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ ტენდერიდან უკანონოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, „ჰიუნდაი ავტომ” მოხსნა, რომლის მფლობელიც გოგი თოფაძის შვილი, ირაკლი თოფაძეა.
ირაკლი თოფაძემ აღნიშნულს „კურიერთან“ გასცა პასუხი. როგორც მან განაცხადა, საერთოდ არ ახსოვს როდის გახდა „ჰუნდაი ავტოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. თუმცა მან შემდეგ გაიხსენა, რომ „ჰუნდაი ავტოს“ სამეთვალყურეო საბჭოს ფიქტიური თავმჯდომარეობა მეგობარმა, დავით გიორგობიანმა სთხოვა. გოგი თოფაძის შვილი ამბობს, რომ მძიმე ოპერაციის შემდეგ, მას კომპანიის მართვასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და მისი მონაცემებით მინდობილი პირი სარგებლობდა. მისი თქმით, მინდობილობა კომპანიის მფლობელს გადასცა, თუმცა არ ახსოვს როდის.
გია გაჩეჩილაძის სიძის კომპანია ტენდერიდან გოგი თოფაძის შვილის გამო მოიხსნა: დავების საბჭო