“სიტროენ ჯორჯიას” სკანდალში ახალი სახელი გამოჩნდა-დავების საბჭოს წევრის მამუკა ტუსკაძის თქმით, კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ ტენდერიდან უკანონოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, „ჰიუნდაი ავტომ” მოხსნა, რომლის მფლობელიც გოგი თოფაძის შვილი, ირაკლი თოფაძეა.
ირაკლი თოფაძემ აღნიშნულს „კურიერთან“ გასცა პასუხი. როგორც მან განაცხადა, საერთოდ არ ახსოვს როდის გახდა „ჰუნდაი ავტოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. თუმცა მან შემდეგ გაიხსენა, რომ „ჰუნდაი ავტოს“ სამეთვალყურეო საბჭოს ფიქტიური თავმჯდომარეობა მეგობარმა, დავით გიორგობიანმა სთხოვა. გოგი თოფაძის შვილი ამბობს, რომ მძიმე ოპერაციის შემდეგ, მას კომპანიის მართვასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და მისი მონაცემებით მინდობილი პირი სარგებლობდა. მისი თქმით, მინდობილობა კომპანიის მფლობელს გადასცა, თუმცა არ ახსოვს როდის.
„გადავეცი დათო გიორგობიანს მინდობილობით, იმიტომ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა. ფიქტიურად ვიყავი, დასჭირდა დათო გიორგობიანს, არ მახსოვს, ხომ არ გატყუებთ? არ მახსოვს. რომ დავინიშნე მახსოვს, რაღაცაზე მოვაწერე ხელი“ – აცხადებს ირაკლი თოფაძე.
გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, პრემიერი მზად არის თანამდებობა დატოვოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.