ახალი ამბები მთავარი სამართალი

ირაკლი ჩხვირკვიამ ადვოკატების საქმიდან ჩამოცილება მოითხოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმის განხილვა გაგრძელდა, სადაც  ბრალდებულმა ჩხვირკვიამ განაცხადა, რომ ის საკუთარ ინტერესებს სასამართლო პროცესზე თავად დაიცავს და ადვოკატების საქმიდან ჩამოცილება მოითხოვა.

როგორც ის ამბობს, პროცესები პოლიტიზირებულია და განაჩენი პროკურატურაში უკვე დაწერილია.

„გადავწყვიტე, რომ მოვიხსნა ადვოკატები. გთხოვთ, რომ სასამართლოდან გაათავისუფლოთ ისინი. მათი დახმარება სასამართლოში აღარ მჭირდება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი არის ის, რომ მე სასამართლოსგან ობიექტურ გადაწყვეტილებას არ ველოდები. ამ ქვეყანაში არანაირ ობიექტურობას არ ველოდები,“- განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდებულს მოსაფიქრებელი დრო მისცა, რის გამოც ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული.

ბათუმის მოვლენების გამო დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს გამოძიება ბათუმის 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავება.

ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

იტვირთბა....