“მაესტროს” ერთ-ერთმა მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა” სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობებისა და სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ობიექტური დასკვნის დადებისკენ მოუწოდა. მან “TV პირველის” ეთერში განაცხადა, რომ 57 ტენდერიდან ერთი და იგივე კომპანიის მიერ 20 მილიონზე მეტი ლარია წაღებული.
“მივწერე პრემიერს, ძალიან დიდ უსამართლობაში ვართ ჩავარდნილები თქო. მეორე დღეს მის თანაშემწეს შევხვდი და მან მითხრა, თუ ასეთი უსამართობა არის, სასამართლოს მიმართეთო. ზუსტად ეს პროცედურები ხდება ახლა, რომ უნდა მივმართოთ ჯერ კონკურენციის სააგენტოს. პრემიერთან ერთადერთი სათხოვარი მაქვს, რომ ობიექტური დასკვნა დაიდოს.
მეწყინა პრემიერის დღევანდელი განცხადება, უსაფუძვლოაო რომ თქვა. მესიჯი იმიტომ მივწერე პრემიერს, რომ ვიჩაგრებოდი. შეიძლება სხვამაც იცოდეს ტელეფონის ნომერი და მიწეროს, ვიჩაგრები, იქნებ რამე გაარკვიოო. მომეწონა მისი რეაქცია, როდესაც მან სასამართლოსკენ გადამამისამართა. მათივე ვებგვერდზე დევს ინფორმაცია, რომ 57 ტენდერიდან 20 მილიონზე მეტი ლარია წაღებული ერთი და იგივე კომპანიების მიერ. ეს წლებია გრძელდება”,-აცხადებს გია გაჩეჩილაძე.
შეგახსენებთ, რომ „უცნობმა“ დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს. ამასთან დაკავშირებით კი პრემიერმინისტრმა 1tv.ge-სთან განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება და აღნიშნულ საკითხს მხოლოდ სამართლებრივი განზომილება აქვს და მსგავსი დავები კანონით რეგულირდება.