ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ბაქრაძე: საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში არსებობს თავისუფალი სასამართლო

“ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა დავით ბაქრაძემ გუშინ, კიევში პეჩორის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:„სასამართლოს გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში არსებობს თავისუფალი სასამართლო.“

ბაქრაძე, გუშინ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ საქართველოსგან განსხვავებით უკრაინაში არსებობს თავისუფალი სასამართლო და არიან მოსამართლეები, რომელთაც შეუძლიათ გამოიტანონ პროკურატურის მოთხოვნისგან რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილად კარგი, იმიტომ რომ უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, როდესაც რომელიმე პოლიტიკოსი ხვდება ციხეში და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიდის სასჯელაღსრულების და სამართალდაცვის სისტემის გამოყენება. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს სააკაშვილი, ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის უკეთესია, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტს აქვს პოლიტიკური ოპონირების საშუალება და ის არ ხდება პოლიტიკური დევნის ობიექტი,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა.

პროცესს თავად ბრალდებული სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა ის განსასჯელთა საკანში არ მოუთავსებიათ და ადვოკატების გვერდით დასვეს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.

იტვირთბა....