სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის რადიოსადგურმა თბილისმა FM93.5 „პალიტრა ჰოლდინგის“ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა.
საქმე ეხება მიმდინარე წლის 11 დეკემბერს „ინტერპრესნიუსის“ გავრცელებულ ინფორმაციას რადიოკვლევების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ქ. თბილისში ყველაზე ხშირად რადიო „პალიტრის“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენენ.
ინტერპრესნიუსი კვლევის შედეგბს ორგანიზაცია IPR & Analytical Center-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რადიოს აუდიტორიის კვლევა 2017 წლის 24 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა. კვლევის არეალი თბილისის ხუთ რაიონს მოიცავდა.
სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დირექტორის რამაზ სამხარაძის თქმით, აღნიშნულ ორგანიზაციას მეორე დღეა ყველა საძიებო სისტემაში უშედეგოდ ეძებენ.
მიუხედავად ორდღიანი მცდელობისა, სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ რადიო თბილისს ვერ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საინფორმაციო სამსახურს აღნიშნულ კომპანიასთან დააკონტაქტებდა.
ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც მიმსგავსებული სახელითაა დარეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში, ეს შპს „აი-პი-არ-საზოგადოებრივი კვლევების ინსტიტუტი“-ა. მისი დირექტორის, კახაბერ გიგიტელაშვილის განცხადებით, აღნიშნული ორგანზაცია 4 წელია აღარ ფუნქციონირებს და კვლევებთან შეხება არ აქვს.
რამაზ სამხარაძეს ეჭვი აქვს, რომ კვლევა თავად პალიტრა ჰოლდინგმა „ჩაატარა“.
სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმა“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა, რომ შეიქმნას შესაბამისი პრეცედენტი და დასრულდეს ქვეყანაში რადიოკვლევებით მანიპულირება.
„საქართველოში კვალიფიციური დამოუკიდებელი რადიოაუდიტორიის კვლევა 2014 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ბოლო “კვლევებს” გაურკვეველი და გაუგებარი X-კომპანიები აქვეყნებენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა ( IPR & Analytical Center), რომელსაც არც საკუთარი ვებ-გვერდი აქვს და არც მისამართი. 2017 წლის ოქტომბრის კონტენტის კვლევით, რომელიც ევროკავშირმა, გაერომ და „ინტერნიუსმა“ ჩაატარა, რადიო ჰერეთისა და თბილისის ახალი ამბები (ერთი და იგივე ნიუსი გადის ორივე რადიოზე) ერთადერთი ახალი ამბებია კომერციულ რადიოსადგურებს შორის, რომელიც პროაქტიული, მიუკერძოუებელი და დაბალანსებულია, პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს“, – აცხადებს რამაზ სამხარაძე.
წყარო: “ჰერეთი”