ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სუბარი: ქართველმა ხალხმა სააკაშვილს პოლიტიკური განაჩენი უკვე დიდი ხანია გამოუტანა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის შეფასებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრებულია.

როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, “დარჩა მისი გაგრძელება, როგორც სამართლებრივი სუბიექტის, რომელიც ქართული სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარსდგება”.

“მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში სერიოზული ბრალი აქვს წაყენებული. შესაბამისად, სასამართლო როგორ დასრულდება, არ ვიცით. იმ სამართლებრივ შედეგებს მშვიდად უნდა დაველოდოთ, რომელიც უკრაინაში დადგება. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი დამნაშავე ადრე თუ გვიან სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგება და პასუხს აგებს. მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე საუბარი არასდროს ყოფილა. მსგავსი შეთანხმებები პოლიტიკოსებს შორის არ დგება. ეს არის სამართლებრივი საკითხი. როცა უკრაინა თავის სამართლებრივ სივრცეში, თავისი ყოფილი მოქალაქის და ყოფილი გუბერნატორის საკითხს გადაწყვეტს, ამის შემდეგ საკითხი დადგება, საქართველოს უნდა გადმოსცენ თუ არა, ან რა ვადებში უნდა გადმოსცენ. ეს ძალიან მარტივი სამართლებრივი საკითხია და არანაირი შეთანხმება არ არის. ნებისმიერი ხელისუფლების ინტერესებშია, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს და სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგეს. თავად ბრალდებულებისთვის სჯობს, თავისი ბრალეულობა სამართლიან სასამართლოში ამტკიცონ, ვიდრე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ირბინონ და ტელევიზიებით ამტკიცონ, რომ მათ მიმართ დევნა მიმდინარეობს. როცა სააკაშვილზე ვლაპარაკობთ, როგორც პოლიტიკოსზე, შემიძლია გითხრათ, რომ მას ქართველმა ხალხმა პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა არა მხოლოდ 2012 წელს, არამედ 2007 წელს, როცა იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა. თუ გაინტერესებთ, ისტორიაში როგორ შევა, გეტყვით, რომ ისტორიაში იმ ადამიანად შევა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგა და პუტინს ხელ-ფეხი გაუხსნა იმისთვის, რომ ამ ტერიტორიების არა მხოლოს დე ფაქტო ოკუპაცია მოეხდინა, არამედ ისინი ეღიარებინა, როგორც “დამოუკიდებელ სუბიექტებად”. ამას პუტინის გარდა, ჯერჯერობით არავინ არ აღიარებს, მაგრამ პუტინმაც რომ აღიარა, მას ხელ-ფეხი მიხეილ სააკაშვილმა გაუხსნა. საქართველოში სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრებულია, დარჩა მისი გაგრძელება, როგორც სამართლებრივი სუბიექტის, რომელიც ქართული სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარსდგება”, – განაცხადა სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.

 

იტვირთბა....