ბათუმში კვლავ გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი დაბა ხულოში 1 მეტრს, ხოლო სოფლებში 1.5 მეტრს მიაღწია. გადაუღებელი თოვის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საცხოვრებელ სახლებთან ზვავი ჩამოწვა, რის გამოც ოჯახებმა საცხოვრებელი სახლები დატოვეს. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ ზვავს საცხოვრებელი სახლები არ დაუზიანებია, თუმცა ზვავის განმეორების საშიშროება ისევ არის.
უამინდობის და ინტენსიური თოვის გამო, რამდენიმე წუთის წინ მეწყრული პროცესები განვითარდა ქედის მუნციპალიტეტის სოფელ ახოსა და ბალაძეებშიც, სადაც შიდა საუბნო გზებზე ჩამოსულმა მიწის მასამ რამდენიმე ოჯახთან დამაკავშირებელი საუბნო გზა ჩაკეტა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, მერის, გოჩა მელაძის ხელმძღვანელობით, მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. შეხვედრას შტაბის ძირითად წევრებთან ერთად მოწვეული წევრებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის არსებული მდგომარეობა განიხილეს და შტაბის წევრებს მიეცათ შესაბამისი დავალებები არსებული შეფერხებების აღმოსაფხვრელად. დიდთოვლობის გამო პრობლემები შეიქმნა, როგორც გადაადგილების, ისე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით.
ელექტროენერგია არ მიეწოდება ხულოს მუნიციპალიტეტის ნახევარს. გადაადგილების პრობლემაა თითქმის ყველა სოფელში. როგორც მერიაში ამბობენ, დილიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა ბაგა-ბაღებსა და სკოლებში. ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტში აცხადებენ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის 49 სკოლიდან სასწავლო პროცესი 43 სკოლაში შეჩერდა.