თბილისის ზოგიერთ სკოლაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსწავლეები ავრცელებენ. მათი განცხადებით, მანდატურის სამსახურმა მაღალი კლასების მოსწავლეების შემოწმება დაიწყო. კერძოდ, როგორც მოსწავლეები აცხადებენ, მანდატურები მე-8 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სკოლაში შესვლისას ჩანთებს უმოწმებენ.
თავად განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „მანდატურის სამსახურის“ ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის, შორენა ზედგინიძის თქმით, მანდატურის სამსახურს გონივრული ეჭვის საფუძველზე მოსწავლეების პირადი გასინჯვის უფლება აქვთ და ეს ღონისძიებებიც სწორედ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიმდინარეობს.
„მანდატური საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში ატარებს მოსწავლის პირად გასინჯვას. მაგალითად, თუ მოსწავლეები შემჩნეულები არიან კონფლიქტურ სიტუაციაში, მანდატურს აქვს უფლება ჩაატაროს პირადი გასინჯვა, ოღონდ ეს გასინჯვა უნდა ჩაატაროს აუცილებლად სკოლის მიერ განსაზღვრულ, დირექციის წარმომადგენელთან ერთად. მარტო არ აკეთებს მანდატური პირად გასინჯვას, ეს ეკრძალება.
თუმცა, კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ სკოლებში რაიმე განსაკუთრებული მითითება, რომ სკოლებში პირადი გასინჯვა ჩატარებულიყო, არ ყოფილა. მანდატურები აკეთებენ იმას, რასაც აქამდე აკეთებდნენ.თვითონ პროცედურა შემდეგნაირია: სთხოვს მანდატური მოსწავლეს, რომ აჩვენოს ჩანთა, ჯიბე და ა.შ. გააჩნია, რაზეა სავარაუდო ეჭვი, თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ამ შემოწმებას მანდატურის სამსახური მარტო არ ახორციელებს, მას ესწრება სკოლის დირექციის წარმომადგენელი“, – განაცხადა შორენა ზედგინიძემ.
ბავშვები, რომლებმაც აღნიშნული შემოწმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეები არიან.
მანამდე განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლის ტერიტორიების მახლობლად საპატრულო პოლიციის მეთვალყურეობის გაძლიერებაზე ისაუბრა.
ჩხენკელის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლასთან, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მეთვალყურეობას გააძლიერებენ. მინისტრის თქმით, ასევე გადაიხედება მანდატურის სამსახურის ფუნქციები.
1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”