აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე შესაძლოა პალესტინასთან კონფლიქტი გამოიწვიოს და „ბნელ საუკუნეებში” დაგვაბრუნოს. Financial Times-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაზე.
“ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ უკან ბნელ დროში, ვიდრე ახლა ვცხოვრობთ. ეს ძალიან მყიფე კონტექსტია და ამ განცხადებას შეუძლია უკან დაგვწიოს. ევროკავშირს მკაფიო და ერთიანი პოზიცია აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი რეალისტური გზა არის ორი სახელმწიფოს ფორმულა, რომლის ფარგლებში იერუსალიმი როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის დედაქალაქი იქნება. ევროკავშირი მომავალშიც განაგრძობს იერუსალიმის საკითხზე საერთაშორისო კონსენსუსის მხარდაჭერას, ვიდრე საბოლოო სტატუსი არ გადაწყდება ისრაელსა და პალესტინას შორის უშუალო მოლაპარაკებების შედეგად. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რომ მხარეებმა თავიდან აიცილონ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია”, – აცხადებს მოგერინი.
შეგახსენებთ, 6 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმში, ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადადის. გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო. მისი თქმით, ეს ” დაპირისპირებას გამოიწვევს და არა შერიგებას”.
როგორც ცნობილია, გერმანია და ბრიტანეთი ისრაელის თაობაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ხოლო, თურქეთში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა. აღნიშნულის შემდეგ, გაერო-ს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვეს.