საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ორი კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, პირველ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის ინსტიტუტი.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა თავისი სიმკაცრით უტოლდება სისხლის სამართლებრივ სასჯელს და აშკარად შეუსაბამოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევებისთვის ასეთი მძიმე, ერთმნიშვნელოვანად სისხლის სამართლებრივი ბუნების მქონე სასჯელის გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლს, რომელიც კრძალავს ღირსების შემლახველი სასჯელის გამოყენებას.
მეორე კონსტიტუციურ სარჩელი სასამართლოში შეტანილ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის და „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის კოალიციის“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
“მოცემულ შემთხვევაში სადაო ნორმას წარმოადგენს 2017 წლის 8 თებერვალს მიღებული „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მე-2 მუხლი.
სადავო ნორმით დადგენილია, რომ მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. „მესამე ტალღის“ მიღებამდე მოსამართლეთა მიმართ დაწყებული დისციპლინური საქმეების წარმოება, აგრეთვე მის ამოქმედებამდე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების საქმეთა წარმოება ცვლილებამდე არსებული ძველი წესით წარიმართება.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა აზრით, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების მიუხედავად, აღსანიშნავია ის გარკვეული პოზიტიური ცვლილებები, რომლებიც ე.წ. მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში განხორციელდა.
თუმცა, ამ კონტექსტში პრობლემურია „მესამე ტალღის“ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ნორმა, რომლის თანახმადაც, ცვლილებების ამოქმედებამდე დაწყებული დისციპლინური საქმეების წარმოება, აგრეთვე, მის ამოქმედებამდე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების საქმეთა წარმოება წარიმართება ცვლილებებამდე არსებული წესით. ამგვარი ბლანკეტური ნორმა დისციპლინური სამართალწარმოების მონაწილე კონკრეტულ პირებს უზღუდავს შესაძლებლობას, ისარგებლონ ყველა იმ გაუმჯობესებული წესით, (განხილვის ვადების განსაზღვრა, პროცესი გამჭვირვალობა და ა.შ.) რომლებიც გათვალისწინებულ იქნა ე.წ „მესამე ტალღით“. გაუგებარია, რა ლეგიტიმური ინტერესით არის გამართლებული გარკვეული პერიოდი დისციპლინურ სამართალწარმოებაში პირების დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენება ყველა იმ გაუმჯობესებულ წესთან მიმართებით, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებით იქნა განსაზღვრული.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორები, ასევე ითხოვენ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება, ვინაიდან, მისმა მოქმედებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს დისციპლინური სამართალწარმოების მონაწილე და დაინტერესებულ პირებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველს და კოალიციას მიაჩნიათ, რომ ამგვარი დიფერენცირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლით დაცულ თანასწორობის უფლებას.”- ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. 30 ნოემბერს ახალი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახდა.